გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული და გადაწყვეტილება მიღებულია კრემლში. ეს გადაწყვეტილება კრემლს გადმოცემული აქვს რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის და ბიძინა ივანიშვილს კი შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პარტიების აკრძალვის შესახებ “ქართული ოცნების” სარჩელს მოსამართლეთა პლენუმი განიხილავს.
წითლიძის თქმით, აღნიშნულ სასამართლო პროცესს სამართლებრივთან კავშირი არ აქვს და თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია.
“დღევანდელი დღე რომ შევაჯამოთ, ძალიან ნათლად და მკაფიოდ დავინახავთ იმას, რომ საქმე წმინდა წყლის პოლიტიკურია და არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლებრივ პროცესთან - ეს ჩანდა დღეს ძალიან კარგად იმის გათვალისწინებით, რომ მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციამ დააყენა არაერთი შუამდგომლობა და მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობები სამართლებრივად დასაბუთებული იყო, საკონსტიტუციო სასამართლომ, ოპოზიციის არცერთი ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
ის, რომ არათუ შუამდგომლობები არ გაითვალისწინა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ფაქტობრივად, ყველაფერზე, რასაც ოპოზიციის მხარე აყენებდა, ცალსახად აცხადებდნენ, რომ ამის მტკიცებულებად მიღება არ შეიძლება, ნათლად მიუთითებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით სხდომის დაწყებამდე, რომ გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული და ეს გადაწყვეტილება მიღებულია კრემლში. გადაწყვეტილება კრემლს გადმოცემული აქვს რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის და ბიძინა ივანიშვილს კი შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის”, - განაცხადა ანა წითლიძემ.