საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებამ, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის არგადადებასთან დაკავშირებით, რომელი შუამდგომლობაც პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დააყენა, დარბაზში მყოფ პოლიტიკოსებში უკმაყოფილება გამოიწვია.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, მხარეს ამ შუამდგომლობით ინსტიტუციისთვის თავის დროზე უნდა მიემართა, ახლა კი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
„თავის დროზე უნდა მოემართა მხარეს, თუ საქმის განხილვის გადადება სურდა, რომ მისთვის რაიმე ვადა არასაკმარისი იყო. მესამე დღეა სხდომას ვიხილავთ და ახლა დგება შუამდგომლობა გადადების თაობაზე. მიღებულია გადაწყვეტილება! გააკეთა სასამართლომ განმარტება და თუ არ მოგწონთ, არ მოგწონთ, რა გავაკეთო?!“- განაცხადა ნადარაიამ.
ნადარაიას განცხადებას დარბაზიდან უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ და აღნიშნა, რომ მას შუამდგომლობის დაყენებისას, საქმის გაჭიანურების მიზანი არ ჰქონია.
„ჩემი ჯერი შუამდგომლობების დაყენების მოვიდა დღეს. პირველი მოვითხოვე საქმის გამოყოფას და შემდეგ გადადება. გაჭიანურების მიზანი რომ მქონოდა, უამრავ შუამდგომლობას დავაყენებდი, მე საქმიანი შუამდგომლობები მაქვს. გთხოვთ, ჩემი ვადით სარგებლობის უფლებას“,- განაცხადა ბერდიამ.
მხარის განცხადების საპასუხოდ, პლენუმის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტა მოსამართლე ევა გოცირიძემ და აღნიშნა, რომ მიუხედავად სარჩელის გასაცნობად არსებული ერთი კვირისა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ის მაინც კარგადაა მომზადებული.
„არ დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ სასამართლო არ მიიღებს თქვენგან რაიმე დოკუმენტაციას, შესაგებელს, მოსაზრებებს. ეს პროცესი გრძელდება და როგორც ჩანს, ასე მალეც არ დამთავრდება. ის ერთი თვე, რომელიც რეგლამენტითაა გათვალისწინებული, გექნებათ.
კი, ერთი კვირა შეიძლება ისეთი დიდი დრო არაა, მაგრამ უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ მომზადებული ხართ. ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ, რომ ხართ კარგი მომზადებული. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ცოტა ხელოვნური ხომ არაა. ეს სარჩელი დიდი ხანია შემოსულია და საზოგადოებაშიც იყო საუბარი. კი დაემატა თქვენი პარტია, მაგრამ სარჩელი დიდი ხანია შემოსულია“,- განაცხადა გოცირიძემ, რასაც დარბაზიდან უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ „სარჩელი წარმოებაში მიღებამდე არის მაკულატურა“.
„ქალბატონო ევა, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, სარჩელი კი არა მაკულატურაა, ვიდრე წარმოებაში არ მიიღებთ. რა ვალდებულება გვაქვს წარმოებაში არ მიღებული სარჩელი დავამუშაოთ?“- აღნიშნა გვარამიამ.
ევა გოცირიძეს ასევე უპასუხა ბერდია სიჭინავამ.
„8 თვის წინ „ნაცმოძრაობაზე“ რომ რაღაც ეწერა, ის უნდა დამემუშავებინა იმიტომ, რომ არჩილ გორდულაძეს შეიძლება მოსვლოდა აზრად, რომ შეიძლება დავემატებინე მეხუთე პარტიად?“- განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, პარტია “გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებული სხდომის გადადებას გულისხმობდა, არ დააკმაყოფილა. როგორც გადაწყვეტილების გამოცხადებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, განჩინება საბოლოოა.