რევაზ ნადარაია - სასამართლო სხდომა ორშაბათს განახლდება - საკმაო მუშაობა გვიწევს, არ ვიცი, ის კვირა მოვრჩებით თუ არა, თუ არ მოვრჩით, იმის მომდევნო კვირა დავისვენოთ - Palitra News

რევაზ ნადარაია - სასამართლო სხდომა ორშაბათს განახლდება - საკმაო მუშაობა გვიწევს, არ ვიცი, ის კვირა მოვრჩებით თუ არა, თუ არ მოვრჩით, იმის მომდევნო კვირა დავისვენოთ

2026-10-23 15:18:17+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება.

გარდა ამისა, როგორც ნადარაიამ განაცხადა, პლენუმი “გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოწმის სახით გამოკითხვას შეეხება, გადაწყვეტილებასაც სწორედ ორშაბათს გამოაცხადებს და ამის შემდეგ გადავა პროცესი არსებითი განხილვის ეტაპზე.

„შუამდგომლობების დასრულების შემდეგ უკვე იწყება არსებითი განხილვა. არსებითი განხილვა იწყება მომხსენებელი მოსამართლის მოხსენებით. გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ ორშაბათს და ამავდროულად, გადავალთ არსებითი განხილვის ეტაპზე. ამ სამმა დღემ აჩვენა, რომ საკმაო მუშაობა გვიწევს. მე არ ვიცი, ის კვირა მოვრჩებით თუ არა. თუ არ მოვრჩით, იმის მომდევნო კვირა დავისვენოთ. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი იქნება დანიშნული. არ ვეკითხები არცერთ მხარეს, ყველა არის ვალდებული, რომ მობრძანდეს!“- განაცხადა ნადარაიამ.