ევროპარლამენტარები - პარტიების აკრძალვა უკან გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ერთპარტიული სისტემისკენ, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების მსგავსად - ეს კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან - Palitra News

ევროპარლამენტარები - პარტიების აკრძალვა უკან გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ერთპარტიული სისტემისკენ, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების მსგავსად - ეს კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან

2026-10-23 19:27:03+04:00

ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უკან გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ერთპარტიული სისტემისკენ, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების მსგავსად, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე, ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე ავრცელებენ.

„ყურადღებას ვაქცევთ ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგისთვის. დიალოგი არასდროს იყო დახურული ევროპის მიერ; მას „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცალა შინაარსი. 2024 წლის ნოემბერში მმართველმა პარტიამ ცალმხრივად შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, საკუთარი კონსტიტუციისა და საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ამის შემდეგ ის ევროკავშირის ინსტიტუტების ყოველ მოწოდებას პასუხობდა ახალი რეპრესიული კანონებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობით, და ოპოზიციური ლიდერებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებით. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, შეეზღუდა ფორმალური კონტაქტები [საქართველოს] ხელისუფლებასთან, ამ გადაწყვეტილებების შედეგია და არა მათი მიზეზი. ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო ქართველი ხალხისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დემოკრატიული ოპოზიციისთვის. ის ხელახლა გაიღება ხელისუფლებისთვის იმ დღეს, როდესაც მათი ქმედებები და არა მათი სიტყვები აჩვენებს დემოკრატიისკენ, თავისუფლებისკენ და ევროპული გზისკენ დაბრუნებას.

[კობახიძის] წინადადების დრო თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ის იმის ფონზე მოხდა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს „ქართული ოცნების“ მოთხოვნის განხილვას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე, მათ შორის ბოლო ოპოზიციური პარტიის, რომელიც ჯერ კიდევ წარმოდგენილია პარლამენტში. მთავრობას, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშედ გამოცხადებას ცდილობს, არ შეუძლია ამავდროულად საკუთარი თავის დიალოგისთვის სანდო პარტნიორად წარმოდგენა. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის წინადადება სხვაგვარად ვერ განიხილება, თუ არა როგორც საფარი საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებისთვის.

როგორც ევროპარლამენტმა განაცხადა 2026 წლის 8 ოქტომბრის თავის რეზოლუციაში, ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გამოთხოვის მოწოდებით გამოვდივართ. ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უკან გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ერთპარტიული სისტემისკენ, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების მსგავსად. ის კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან და წევრობისკენ ნებისმიერ პროგრესს გამორიცხავს. დღემდე, არაფერი შეცვლილა!

საქართველოსთან ურთიერთობებზე ევროპარლამენტის პოზიცია ნათელი და თანმიმდევრულია. გვერდში ვუდგავართ ქართველ ხალხს და ევროპული მომავლისადმი მათ უდიდეს მხარდაჭერას, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად გაჩნდა. ნებისმიერი გულწრფელი ხელახალი ჩართულობა უნდა ეფუძნებოდეს ხელისუფლების მიერ გადადგმულ უპირობო ნაბიჯებს:

ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება;

კანონების გაწვევა, რომლებიც ზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და პოლიტიკურ აქტიურობას, მათ შორის იმ შეზღუდვების, რომლებმაც ევროპულ პოლიტიკურ ფონდებს ქვეყნის დატოვება აიძულეს;

ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის დასრულება;

ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ გზა.

მანამდე, საბჭოსა და წევრს სახელმწიფოებს მოვუწოდებთ საბოლოოდ ხელშესახები შედეგების მიღებისკენ, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ - ევროკავშირის ადამიანის უფლებების გლობალური სასანქციო რეჟიმის (ე.წ. “ევროკავშირის მაგნიტსკის აქტი”) ან სხვა სასანქციო რეჟიმების ფარგლებში,” - ნათქვამია განცხადებაში.