ამერიკელი კონგრესმენები პენტაგონს უკრაინისთვის Starshield-ის კონტრაქტის გაფართოებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წევრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
კონგრესმენები აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთსა და პენტაგონს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ Starshield-ის პროგრამის კონტრაქტი გააგრძელონ და Starlink-ისა და Starshield-ის თანამგზავრულ კავშირზე უკრაინისთვის წვდომა აღადგინონ.
აშშ-ის კონგრესის ორივე პარტიისა და პალატის წევრები უკრაინისთვის Starshield-ზე წვდომის აღდგენას სიჩქარის შეზღუდვის გარეშე მოითხოვენ.
„უკრაინული ძალები ამ სერვისებს მართვისა და სარდლობისთვის, სადაზვერვო მონაცემების გაზიარებისთვის, ბრძოლის ველზე კავშირისა და დრონების ექსპლუატაციისთვის იყენებენ. ამ სერვისების ხარისხის ნებისმიერი სახის გაუარესება - იქნება ეს სიჩქარის შემცირება, დაფარვის ზონის შეზღუდვა თუ წვდომის შეფერხება - უკრაინის ბრძოლის უნარიანობას ძირს უთხრის და რუსულ ჯარებს ოპერატიულ უპირატესობას ანიჭებს. ეს კონფლიქტს აჭიანურებს და კიდევ უფრო მეტ მშვიდობიან მოქალაქეს საფრთხის ქვეშ აყენებს“, - ნათქვამია კონგრესმენების მიმართვაში.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს საღამოს განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე Starlink-ის თანამგზავრული კავშირის ტერმინალებისთვის სიჩქარის შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.
„Starlink-ისა და Starshield-ისთვის სიჩქარის შეზღუდვა ძალაში რჩება, სიჩქარე არ აღდგენილა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.