ბარსელონაში საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის შემდეგ 128 ადამიანი დააკავეს - Palitra News

ბარსელონაში საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის შემდეგ 128 ადამიანი დააკავეს

2026-10-25 15:45:44+04:00

ბარსელონაში საპროტესტო აქციაზე ღამით მომხდარი არეულობის შემდეგ 128 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას „ევრონიუსი” ავრცელებს.

ხელისუფლების ცნობით, არეულობა შაბათს, დღის მეორე ნახევარში, კატალონიის მოედნის მიმდებარედ დაიწყო. ახალგაზრდების ჯგუფებმა მაღაზიები გაძარცვეს, ქუჩის ინფრასტრუქტურა დააზიანეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ. მომიტინგეებმა პოლიციელებს ქვები და სხვა მძიმე საგნები ესროლეს, რამდენიმე ჯგუფმა კი ბარიკადები აღმართა, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა და მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია.

პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო და 128 ადამიანი დააკავა, მათგან დაახლოებით მეოთხედი არასრულწლოვანი. ღამის განმავლობაში დაშავდა პოლიციის 15 თანამშრომელი.

აქცია, რომელიც სოციალურ ქსელებში „Instituts Indignats“-ის (აღშფოთებული მოსწავლეები) სლოგანით ვრცელდებოდა, მიზნად ისახავდა ფრანგული ახალგაზრდული მოძრაობის - „Lycéens Indignés“-ის - კატალონიის დედაქალაქში გადმოტანას.

ესპანური მედიის ცნობით, დემონსტრაციაში, ყველაზე აქტიურ ფაზაში, დაახლოებით 600 ადამიანი მონაწილეობდა.