საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საშიში პრეცედენტის დამკვიდრების მცდელობა, რომელიც გაანადგურებს ჟურნალისტის პროფესიას. პროკურორის დადგენილება დომენტი (დიტო) ჩუბინიძის წინააღმდეგ ეწინააღმდეგება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილ კრიტერიუმებს და წარმოადგენს ქვეყანაში თავისუფალი პროფესიის - ჟურნალისტის - განადგურების მცდელობას - ამის შესახებ ნათქვამია „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული დომენტი (დიტო) ჩუბინიძის ადვოკატის,ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში.
როგორც ხატიაშვილი აცხადებს, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, როდესაც ჟურნალისტი რესპონდენტის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის გამო დაეკავებინოთ.
„პატივცემულო ჟურნალისტებო! გამოფხიზლდით! საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საშიში პრეცედენტის დამკვიდრების მცდელობა, რომელიც გაანადგურებს ჟურნალისტის პროფესიას. მნიშვნელოვანი იყო გუშინ ნოდარ მელაძის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ჟურნალისტის პროფესიის განადგურების მცდელობაზე.
ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავეს საგაზეთო მასალის გამოქვეყნების გამო, რომელიც მან ჩაწერა რესპონდენტისაგან. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტი რესპონდენტის მიერ ინტერვიუში გაჟღერებული ინფორმაციის გამო დაეკავებინოთ, რომელთანაც პროკურატურას კითხვები არ გასჩენია, თუ საიდან ფლობდა გაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.
პროკურორები იტყუებიან, რომ დომენტი (დიტო) ჩუბინიძე არ დაუკავებიათ ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ასეთი ბრალდება არ მინახავს არცერთ ავტოკრატიულ ქვეყანაში.
პროკურორი ბრალდების ფორმულირებაში მიუთითებს:
„მისი რესპონდენტის მიერ გაჟღერებულ, გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით, დომენტი ჩუბინიძე ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა საქართველოს ტერიტორია - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი. აღნიშნული ქმედებით დომენტი ჩუბინიძემ განიზრახა საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ საბოტაჟის განხორციელება, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.
რეჟიმმა, ჩემი შეფასებით, გადაწყვიტა ყველა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაპატიმრება. ეს არის ბრალდება, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებას ეხება. ბრალის ფორმულირებით რომ ვიმსჯელოთ, სახელმწიფო უწყება რომელიმე ჟურნალისტის გადაცემის ან ინტერვიუს შემდეგ იტყვის, რომ აღნიშნულმა ინტერვიუმ ხელი შეუშალა სამუშაოს განხორციელებაში, ვინაიდან ჟურნალისტის გამონათქვამი მისთვის მისაღები არ იყო, ჟურნალისტს სამშობლოს ღალატისთვის დააკავებენ. ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელიც მოსპობს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ პროფესიას - ჟურნალისტს.
პატივცემულო ჟურნალისტებო, ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების თანახმად - „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, „თორგეირ თორგეირსონი ისლანდიის წინააღმდეგ“, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებისა და პრესის როლის შეფასებისას მნიშვნელოვან სამართლებრივ ორიენტირებს წარმოადგენენ, გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებსა და ინფორმაციას, რომლებიც საზოგადოებისთვის მისაღები, ნეიტრალური ან პოპულარულია, არამედ ისეთ განცხადებებსაც, რომლებმაც შესაძლოა შოკი გამოიწვიოს, გააღიზიანოს ან შეაწუხოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ამგვარი მიდგომა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.
პროკურორის დადგენილება დომენტი (დიტო) ჩუბინიძის წინააღმდეგ ეწინააღმდეგება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილ კრიტერიუმებს და წარმოადგენს ქვეყანაში თავისუფალი პროფესიის - ჟურნალისტის - განადგურების მცდელობას“, - ნათქვამია ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".
დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.