ივანიშვილის რეჟიმს უნდა რეპრესიული მეთოდებით, თავისი მანიპულაციური პროპაგანდის ნიაღვრით შეაგუოს საზოგადოება სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, კორუფციას, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის გამდიდრებას მათი მომავლის ხარჯზე, მარტო დარჩენას რუსეთის პირისპირ, რაც სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტოლფასია - პარტიების აკრძალვაც ამას ემსახურება, რომ ამას შეაგუოს ხალხი - ეს არ მოხდება - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საპროტესტო აქციის დაწყებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ოპოზიციური პარტიების მთავარი ამოცანაა საზოგადოებას დაანახონ ალტერნატივა, რათა შეძლონ ისეთი მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება, „რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი ვეღარ გაუძლებს“.
„ივანიშვილის რეჟიმს უნდა რეპრესიული მეთოდებით, თავისი მანიპულაციური პროპაგანდის ნიაღვრით შეაგუოს საზოგადოება სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, კორუფციას, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის გამდიდრებას მათი მომავლის ხარჯზე, მარტო დარჩენას რუსეთის პირისპირ, რაც სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტოლფასია, კატასტროფას განათლებასა და ჯანდაცვაში, ყველაფერში, რაც ხდება.
ჩვენი, მთელი საზოგადოების ამოცანაა, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათიებისა, ეს არ დავუშვათ. პარტიების აკრძალვაც ამას ემსახურება, რომ ამას შეაგუოს ხალხი - ეს არ მოხდება. ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი და დიდი მსხვერპლი შესწირა იმას, რომ ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ, სადაც მოქალაქეებს ექვემდებარება ხელისუფლება, სადაც ძალაუფლება არ არის იმისთვის, რომ ერთი კაცი და მისი გარემოცვა მდიდრდებოდეს ჩვენი შვილების მომავლის ხარჯზე.
ამას ემსახურება ეს და 28 ნოემბრის აქციაც, იმ დღეს, რომელზეც მიიტაცა ძალაუფლება და გამოგვიცხადა, რომ უნდა შეგვაგუოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, რომ თავისუფალი სახელმწიფო კი არ არის ჩვენი ადგილი, არამედ რუსული ჭაობია, რაც ნიშნავს დამოუკიდებლობაზე უარის თქმას, რასაც შემდეგ რეაქცია მოჰყვა.
ჩვენი, პოლიტიკური ძალების ამოცანაა, საზოგადოებას დავანახოთ დამაჯერებელი ალტერნატივა იმისთვის, რომ იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზება შევძლოთ, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი ვეღარ გაუძლებს, არსებითად ისე, როგორც ეს მოხდა 36 წლის წინ საბჭოთა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რათა მოვიპოვოთ ვითარება, როცა თავისუფალი არჩევნები შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.