14 წელია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. 14 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, 30 დეპუტატია ამისთვის საჭირო, მაგრამ ამის საფუძველი არ ჰქონდათ - ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური თუ ისინი არიან არაკონსტიტუციურები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარეობისას გაკეთებული განცხადებებითაც დაადასტურეს აღნიშნულმა პარტიებმა, რომ საკონსტიტუციო წყობილებას არ აღიარებენ და მათი აკრძალვა მხოლოდ და მხოლოდ გააჯანსაღებს ქვეყანაში პოლიტიკურ გარემოს.
„თავად ის პოზიცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მსვლელობის დროს გაახმოვანეს ანტიკონსტიტუციურმა პარტიებმა, ადასტურებს ჩვენს სარჩელს, ანუ ისინი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოსკოვშია დაწერილი, ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მას უკვე წინასწარ განსაზღვრულად უთხრეს, რა გადაწყვეტილება მიიღონ და ა.შ. ანუ ადასტურებენ ერთ-ერთ ჩვენს ბრალდებას მათ მიმართ, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არ აღიარების მთავარია ნიშნია. ასე რომ, რაც უფრო მეტ ასეთ რამეს იტყვიან, საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი გააჭიანურონ.
„რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ გააჭიანუროს პროცესი უსაფუძვლო შუამდგომლობების დაყენებით და მეორე, ვხედავთ, რომ აშკარად ცდილობენ, იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათ არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, წინსწრებით ყალბი საფუძვლები მოამზადონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, მაგრამ, მე მგონი, საზოგადოებაც კარგად დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო შუამდგომლობებს აყენებდნენ. შუამდგომლობების მესამედი ადასტურებს კვლავ ჩვენს სარჩელს. ისინი შეეხებოდა სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის აცილებას, ცალკეული მოსამართლეების აცილებას და მთავარი საფუძველი იყო ის, რომ ისინი კვლავ ეჭვის ქვეშ აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას. ამ შუამდგომლობებითაც კი დაეხმარნენ ჩვენს სარჩელს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებენ.
ეს პარტიები წამლავენ პოლიტიკურ პროცესს საქართველოში, პარტიულ პროცესს, აი, ეს ტოქსიკური მოწამლული პოლიტიკური პროცესი გაიწმინდება ამ ტოქსიკური გარემოსგან და სხვა პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, კონკურენტულ გარემოში ესაუბრონ თავის ამომრჩეველს, საქართველოს საზოგადოებას. ჩვენ, რასაც ვხედავთ არის ის, რომ ანტიკონსტიტუციური პარტიები, რომლის წინააღმდეგ ჩვენ სარჩელი გვაქვს შეტანილი, არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში არიან სხვა პარტიებთან, ვინაიდან უკანონო მეთოდებით მუშაობენ. ეს იგივეა, რაც კერძო ურთიერთობებში, ბიზნესში, არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში იყოს, რომელიმე კომპანია, ზუსტად ასე იქცევიან ეს პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, იყენებენ ძალადობის მეთოდს, იყენებენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებს საქართველოს წინააღმდეგ და არაკონკურენტულ გარემოში არიან სხვა პარტიები, გარდა ამისა, წამლავენ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში, ასე რომ, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს დემოკრატიას. 14 წელია ჩვენ ამ „კოლექტიური ნაცმოძრაობისგან“ ვისმენთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. ისინი 14 წელია უარყოფენ საქართველოს ხელისუფლების შიდა პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, შესაბამისად, 14 წელია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური, ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური თუ ისინი არიან არაკონსტიტუციური. ასე დააყენა თავად „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხი ბოლო 14 წლის განმავლობაში. ჩვენი მტკიცებაა, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ანტიკონსტიტუციური და შესაბამისად, სასამართლო დაადგენს ამას. „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ 14 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, 30 დეპუტატია ამისთვის საჭირო, მაგრამ ამის საფუძველი არ ჰქონდათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.