შემთხვევითი არ არის, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში პარალელური პროცესებია. რატომ არის ეს პროცესები და ძალადობები? - პასუხი ხელის გულზე დევს: ეს არის სწორედ ის იდენტობის კრიზისი, რომელიც დღეს ევროკავშირის სივრცეშია, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის რამდენიმე ქალაქში მიმდინარე აქციებს.
პაპუაშვილის თქმით, „კომენდანტის საათი“ და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მთავარ საკითხს არ წყვეტს, „მთავარი საკითხი ეს არის ცივილიზაციური საკითხი და ევროპული ღირებულებითი იდენტობის საკითხი.“
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა საქართველოშიც, მისივე თქმით, ესთეტიკაც კი იდენტური იყო.
“ევროკავშირი ევროპას მიაქანებს ცივილიზაციური უფსკრულისკენ, ეს არის შედეგი ბრიუსელის შიდა პოლიტიკისა, რომელმაც იდენტობის კრიზისამდე მიიყვანა სხვადასხვა საზოგადოება და ქვეყანა. შეიძლება ეს ძალადობები შეწყდეს, მაგრამ ყველაფერი ეს იქნება დროებითი მანამ, სანამ ევროკავშირი ძირეულად არ გადაიაზრებს, თუ ვინ არის, რა არის და რა იდენტობაზე დგას. ამ პროცესს ვუყურებთ ჩვენ დღეს და სწორედ გვინდა, რომ ავარიდოთ ევროპას ეს ბედი, რომ ევროპული ცივილიზაცია აღმოჩნდეს ცივილიზაციურ უფსკრულში და ამიტომაც ვაკრიტიკებთ ჩვენ ბრიუსელს, ამიტომაც ვაკრიტიკებთ ჩვენ ევროკავშირს, ვინაიდან მათი ხელით ხდება დღეს ევროკავშირის და ევროპის ცივილიზაციური დასამარება.
მეორე მხრივ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენ ვხედავთ იდენტურ ძალადობას, რაც საქართველოში იყო. ესთეტიკაც კი იგივეა მეორდება. მაშხალების ტყვიამფრქვევად გამოყენებაც კი ვნახეთ. ერთის მხრივ ვხედავთ ბრიუსელს, რომელიც გმობს ამ ძალადობას სხვა ქვეყანაში, მაგრამ ქართველი მოძალადეები, ვინაიდან მათ ევროკავშირის დროშა უჭირავთ ევროკავშირისთვის მოძალადე არ არის. სწორედ ამის შედეგია, რომ ამ ძალადობას იღებენ. როცა დაუხუჭავ თვალს ამ ძალადობას საქართველოში, მიიღებ ამ ძალადობას შენ დედაქალაქში.
რასაც სხვას გაუკეთებ მიიღებ იმავეს შენ დედაქალაქში და ეს გაგრძელდება მანამ სანამ, საქართველოში ძალადობაზე დახუჭავენ თვალს. ეს არის ის კანონზომიერება, რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.