რევაზ ნადარაია - სასამართლოსთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ საქმე პოლიტიკური საქმიანობების და პოლიტიკური პროცესების შეფასებას ეხება, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ პრინციპით, რომ მხარეებმა პოზიციები მაქსიმალურად კორექტულად წარმოადგინოს! - Palitra News

რევაზ ნადარაია - სასამართლოსთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ საქმე პოლიტიკური საქმიანობების და პოლიტიკური პროცესების შეფასებას ეხება, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ პრინციპით, რომ მხარეებმა პოზიციები მაქსიმალურად კორექტულად წარმოადგინოს!

2026-10-26 15:06:45+04:00

სასამართლოსთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ საქმე პოლიტიკური საქმიანობების და პოლიტიკური პროცესების შეფასებას ეხება, მაგრამ მუშაობას იმ პრინციპით გავაგრძელებთ, რა პრინციპითაც აქამდე ვმუშაობდით - თითოეულმა მხარემ პოზიციები მაქსიმალურად კორექტულად წარმოადგინოს! - ეს გაფრთხილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ გააკეთა.

ნადარაიამ მუშაობის პრინციპთან დაკავშირებით განმარტებები მხარეთა მოსმენის დაწყებამდე გააკეთა.

“შესაძლებელია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტები მიუღებელია მოპასუხე მხარისთვის, ისევე როგორც მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები ალბათ მიუღებელი იქნება მოსარჩელე მხარისთვის, მაგრამ მაქსიმალური თავშეკავებით, მაქსიმალური კორექტულობით, ყოველგვარი ეპითეტებისა და მითითებების გარეშე, ისე რომ ამან მეორე მხარის გაღიზიანება არ გამოიწვიოს და შემდგომში პროცესს არ შეუშალოს ხელი.

სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია თითოეული მხარის განმარტება და სასამართლოს მხარეთა პოზიციების - როგორც მოსარჩელე მხარის, ასევე მოპასუხე მხარის პოლიციების მოსმენაში ხელი არ უნდა შეეშალოს“, - განაცხადა ნადარაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის ხელმოწერით მომზადებული სარჩელის განხილვა განახლდა. სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.