ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტს მარტოხელა მშობლებისთვის დადგენილი საგადასახადო შეღავათის გაზრდის ინიციატივით მიმართავს - Palitra News

ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტს მარტოხელა მშობლებისთვის დადგენილი საგადასახადო შეღავათის გაზრდის ინიციატივით მიმართავს

2026-10-26 16:10:41+04:00

ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტს მარტოხელა მშობლებისთვის დადგენილი საგადასახადო შეღავათის გაზრდის ინიციატივით მიმართავს.

ოპოზიციურმა ფრაქციამ პარლამენტს “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვით, მარტოხელა მშობლების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების 3 000-ლარიანი ზღვარი, 15 000 ლარამდე იზრდება.

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა გარკვეული კატეგორიის ფიზიკური პირების საშემოსავლოს გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. მათ შორის მარტოხელა მშობლები არიან, რომლებიც წლიურად 3 000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული არიან. როგორც ინიციატორები განმარტავენ, აღნიშნული ზღვარი შეღავათის ეფექტიანობას ვერ უზრუნველყოფს. კერძოდ, 3 000 ლარი წლიურად თვეში საშუალოდ 250 ლარს შეადგენს. შესაბამისად, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის პირობებში, აღნიშნული შეღავათის გამოყენების მაქსიმალური საგადასახადო ეფექტი ერთ ბენეფიციარზე წელიწადში - 600 ლარს, თვეში კი საშუალოდ 50 ლარს შეადგენს.

“ასეთი ოდენობის საგადასახადო შეღავათი ფაქტობრივად გავლენას არ ახდენს მარტოხელა მშობლის განკარგვად შემოსავალზე და ვერ ქმნის საკმარისს ეკონომიკურ ეფექტს ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესამსუბუქებლად“, - აცხადებენ კანონის პროექტის ინიციატორები.