სარჩელს პასუხობთ თუ ჩვენ გვაკრიტიკებთ ჩვენი გადაწყვეტილების გამო. აცილებას გვიყენებთ თუ რა გინდათ? გარკვეულწილად, ირიბად, სასამართლოს თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ, როდესაც ჩვენს მიუკერძოებლობაში ეჭვი შეიტანეთ - თქვენ გამოხატავთ უპატივცემულობას და ამასაც თავისი ზღვარი ექნება, გაითვალისწინეთ!- ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ზაზა ბიბილაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესის შედეგებთან დაკავშირებით არანაირი ილუზია არ აქვთ.
ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილს სარჩელის შესაგებლის წარდგენა შეაწყვეტინა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მანანა კობახიძის თვითაცილებასა და აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციაზე საუბრობდა.
„იყო თქვენს პასაჟში გაჟღერებული ისეთი მომენტები, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, რომ არ უნდა ილაპარაკონ მხარეებმა. თქვენ სამართლებრივად უნდა გასცეთ პასუხი, რამდენად არსებობს აკრძალვის საფუძველი“, - მიმართა ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილს.
როგორც ბიბილაშვილმა საპასუხო რეპლიკაში აღნიშნა, შეურაცხმყოფელი არა მის მიერ გაჟღერებული მოსაზრებები, არამედ იმ მაღალი თანამდებობის პირის განცხადებებია, რომელმაც ბიბილაშვილის თქმით, განაცხადა, რომ „პროცესის ბედი გადაწყვეტილია და რამდენიმე დღეა დარჩენილი“.
„ჩემი აზრით, მე რომ ვიყო თქვენ ადგილას, შეურაცხყოფა იქნებოდა, თუ ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი, რომელიც ამ ქვეყანაში ფორმალურად ყველაზე უფრო ძალმოსილი თანამდებობის პირია, იტყოდა, რომ ამ საქმის ბედი გადაწყვეტილია და რამდენიმე დღეა დარჩენილი. ეს არის ადამიანი, რომელსაც კონკრეტული ბერკეტები გააჩნია ამ ქვეყანაში ყველას ცხოვრებასა და კარიერაზე. მე ასეთი, რამე არ მიკადრია. მე არ გამომიხატავს უპატივცემულობა“,- განაცხადა ბიბილაშვილმა.
ბიბილაშვილის შესაგებელში, რომელიც მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გააწყვეტინა, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ის, რომ პროცესის მიმართ არანაირი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, დაადასტურა მანანა კობახიძის თვითაცილებამ და ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციამ, რომელმაც მანანა კობახიძის წარსულში, მის განცხადებებსა და დაკავებულ თანამდებობებში მიუკერძოებლობის ეჭვის საფუძველი ვერ დაინახა.
„მომიტევებთ თუ ვიტყვი, რომ არ გაგვაჩნია არანაირი ილუზია ამ პროცესის შედეგებთან დაკავშირებით. ის, რომ არანაირი მოლოდინი არ უნდა გაგვაჩნდეს, თავისდა უნებურად დაადასტურა როგორც მანანა კობახიძის თვითაცილება, რომელიც თქვენ არ დააკმაყოფილეთ, ასევე მისმა შემდგომმა გადადგომამ. ვიმეორებ, მანანა კობახიძემ თავად განაცხადა, რომ მოსამართლე არა მხოლოდ უნდა იყოს მიუკერძოებელი, არამედ უნდა აღიქმებოდეს საზოგადოების მიერ როგორც მიუკერძოებელი, რაც არის საბაზისო სტანდარტი ამ პროფესიაში და საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი წარსული, პოლიტიკური მოღვაწეობა, მისი განცხადებები, მისი თანამდებობები, როგორც მოსარჩელე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ადვოკატისა და ერთ-ერთი უახლოესი და სანდო პირისა, იმის საფუძველსაც კი არ იძლეოდა, რომ ვინმეს საზოგადოებაში ეჭვი შეეტანა მის მიკერძოებულობაში. მე არ ვამბობ, რომ ის იყო მიკერძოებული, მაგრამ თქვენ განაცხადეთ, რომ ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობდა“.- განაცხადა ბიბილაშვილმა.