5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა დღეს განახლდება - Palitra News

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა დღეს განახლდება

2026-10-27 08:40:53+04:00

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს, 12:00 საათზე განახლდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და დღეს პროცესი „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.

„27 ოქტომბერს გავაგრძელებთ ქალბატონი ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით. 12:00 საათზე გაგრძელდება სხდომა“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.