ლევან მახაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს არა საგარეო პოლიტიკური აქტორების კონიუნქტურით ნაკარნახევ, არამედ კონსტიტუციის შესაბამის გადაწყვეტილებას - ამ პროცესს ნეგატიური შედეგები არ ექნება, ეს იქნება კარგი, პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის - Palitra News

ლევან მახაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს არა საგარეო პოლიტიკური აქტორების კონიუნქტურით ნაკარნახევ, არამედ კონსტიტუციის შესაბამის გადაწყვეტილებას - ამ პროცესს ნეგატიური შედეგები არ ექნება, ეს იქნება კარგი, პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის

2026-10-27 11:57:35+04:00

საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს არა საგარეო პოლიტიკური აქტორების კონიუნქტურით ნაკარნახევ გადაწყვეტილებას, არამედ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ გადაწყვეტილებასა და ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება და დემოკრატიულ პროცესებს წაადგება.

„ეს ქვეყანას და დემოკრატიას წაადგება, იმიტომ რომ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში აღარ იქნებიან ის ძალები, რომელსაც ამ პროცესში შეაქვთ მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია. ჩვენ ადრე არაერთხელ გვითქვამს, პოლიტიკური პარტიები არიან ის ძალები, რომლებიც ასრულებენ საკუთარი ამომრჩევლის ნებას, ისინი მონაწილეობენ აქტიურად პოლიტიკურ პროცესში, აკრიტიკებენ ხელისუფლებას, შეაქვთ ალტერნატიული იდეები და ინიციატივები, ერთვებიან საბიუჯეტო თუ უამრავი მიმართულებით განხილვებში, აქტიურად იღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ასე შემდეგ. როდესაც ეს მახასიათებლები არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ საუბარი არ შეიძლება გქონდეს პოლიტიკურ პარტიებზე. ეს არის ჩვეულებრივი რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც დიდი ხანია უკვე გასული არიან საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან.

ამიტომ ნეგატიური შედეგები ამ პროცესს არ ექნება, ეს იქნება კარგი პოლიტიკური პროცესის და ზოგადად ქვეყნის პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისთვის.

ყველა მათგანი, რომელიც ამ პროცესს აკრიტიკებს გარედან, მხოლოდ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს ეს არის, რა თქმა უნდა, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი კრიტიკა და აბსოლუტურად არაფერი საერთო ამას არც ქართულ დემოკრატიასთან, არც კონსტიტუციასთან არ აქვს. პირიქით, ეს არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და დარღვევა ყველა იმ ძირითადი ფუნდამენტური ნორმების საერთაშორისო სამართლის თუ ევროპული ღირებულებების. რა არის საერთაშორისო სამართალი ან ევროპული ღირებულება? ეს არის სუვერენიტეტის პატივისცემა, შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება და სამართლებრივი პროცესის პატივისცემა.

როდესაც ერევი სხვის საქმეებში, როდესაც არ სცემ პატივს სხვის სასამართლო საქმეებს და მართლმსაჯულებას ზოგადად, აიძულებ, რომ გარკვეული ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, რა თქმა უნდა, ამას ვერანაირად ვერ მივიღებთ. საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს არა საგარეო პოლიტიკური აქტორების კონიუნქტურით ნაკარნახევ გადაწყვეტილებას, არამედ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის გადაწყვეტილებას,”- განაცხადა მახაშვილმა.