სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია - როდესაც პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია არც ეროვნული პლატფორმა და არც ხალხის მხარდაჭერა, სხვისი სცენარების კოპირება ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილებების ერთადერთი გზა არჩევნებია - საკუთარი ხალხის ნებისა და სამართლებრივი სისტემის პატივისცემა.
„სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია. მათ უკვე მერამდენედ, ჯერ უნგრეთის და ახლა უკვე სერბეთის პოლიტიკური გაკვეთილები ისევ არასწორად წაიკითხეს. ისევ იმ პრიმიტიულ, გაცვეთილ და სახიფათო ილუზიად აქციეს, რასაც ეს არაკონსტიტუციური ძალები უკვე ამდენი წელია, ხალხს თავს ახვევენ, რომ თითქოს ქუჩის ხმაური თავისთავად ცვლის ხელისუფლებას, თითქოს საბავშვო კაპრიზებივით გამოცხადებული ბოიკოტი პარლამენტს დაშლის და თითქოს ისტერიული პრესკონფერენციები, ან ფარატინა რეზოლუციები ოდესმე პოლიტიკურ გამარჯვებაში გადაიზრდება.
ცვლილებების ერთადერთი გზა არჩევნებია - საკუთარი ხალხის ნებისა და სამართლებრივი სისტემის პატივისცემა. არიან კი არაკონსტიტუციური ძალები ამისთვის მზად? განვლილი წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რეალურად რისთვის არიან ეს ძალები მზად - ეს არის არჩევნების ბოიკოტი, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფა, საკუთარი ხალხის წამება, ქვეყნის მიწების ოკუპანტისთვის ჩაბარება, წაგებულ არჩევნებში მარცხის არაღიარება და იმ ამომრჩევლის უპატივცემულობა, ვინც საკუთარი ხმა ანდო.
სერბეთის მაგალითი სინამდვილეში არაკონსტიტუციური პარტიების დესტრუქციული ნარატივის წინააღმდეგ მუშაობს. როდესაც ხალხს სთავაზობენ არა ქვეყნის განვითარების გეგმას, არა ხალხის ინტერესებით ნაკარნახევ მომავალს, არამედ მუდმივ ქაოსს, დესტრუქციასა და უსასრულო ბოიკოტს, იქ მთავრდება მათი პოლიტიკური ფილოსოფია. როდესაც პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია არც ეროვნული პლატფორმა და არც ხალხის მხარდაჭერა, სხვისი სცენარების კოპირება ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს“,- აღნიშნა მახაშვილმა