22 მლრდ ევროს პროექტი საქართველოს გავლით. კასპიის რეგიონიდან, ევროპისთვის განახლებადი ენერგიის მიწოდების პროექტის, „მწვანე ენერგეტიკულ დერეფანის“ მთლიანი ინვესტიცია, დაახლოებით, 22 მლრდ ევროა და აქედან 14 მილიარდ 300 მილიონი ევრო გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობას დასჭირდება. ამის შესახებ Report-ი, კომპანია Green Energy Corridor Power-ზე დაყრდნობით წერს.
კომპანიის ცნობით, პროექტი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს აერთიანებს, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულებისა და ოფიციალური დამტკიცების შემდეგ პრაქტიკული განხორციელებისკენ მიემართება. დამტკიცებული გეგმის თანახმად, ენერგეტიკული დერეფანი მუდმივი დენის გადამცემი მაღალი ძაბვის მრავალტერმინალური სისტემა იქნება, რომლის საერთო სიმძლავრე 3.9 გვტ-ს შეადგენს. ის სათითაოდ 1.3 გვტ სიმძლავრის სამ ხაზს მოიცავს. თითოეული ხაზისთვის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სიგრძე, დაახლოებით, 1124 კმ, ხოლო მათი გაყვანის სიღრმე 2200 მეტრი იქნება. ენერგეტიკული ხიდის მარშრუტი ბაქოდან საქართველოს, კერძოდ, თბილისის, წყალტუბოს, ანაკლიისა და ფოთის რაიონებს გაივლის, შემდეგ კი კონსტანცასა და ბუქარესტის გავლით რუმინეთში შევა და უნგრეთის ჰაბ ალბერტირსამდე გაგრძელდება. გენერაციული სიმძლავრეების შესაქმნელად, მთლიანი ინვესტიციიდან, დაახლოებით, 7.8 მლრდ ევროს დახარჯვა არის დაგეგმილი. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება: პირველი ხაზი, რომლის სიმძლავრე 1.3 გვტ-ია, 2032 წელს უნდა გაიხსნას. ის ყოველწლიურად 8 ტერვატ/სთ-მდე განახლებადი ელექტროენერგიის ექსპორტს უზრუნველყოფს. მეორე ხაზი, რომელიც ელექტროენერგიას ბუქარესტში მიიღებს, 2036 წელს, ხოლო მესამე ხაზი ელექტროენერგიის კონსტანცაში მიღებით 2040 წელს უნდა ამოქმედდეს. 2040 წლისთვის კასპიის რეგიონიდან ევროკავშირისთვის განახლებადი ენერგიის წლიური მიწოდება, სავარაუდოდ, 20 ტერავატ/სთ-ს მიაღწევს. პროექტის სარესურსო ბაზა კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანის ოფშორული ქარის ენერგიის პოტენციალს მოიცავს, რომელიც, დაახლოებით, 25 გვტ-ს, ანუ წლიური გამომუშავების, დაახლოებით, 96 ტერავატ/სთ-ს შეადგენს. დამატებითი წყარო მზისა და სახმელეთო ქარის, დაახლოებით, 19 გვტ-იანი სიმძლავრე იქნება.