ავტომობილების იმპორტი მცირდება. ამ ფონზე კი ბიუჯეტში აქციზიდან შესული თანხა კი 260 მლნ ლარამდე გაიზარდა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში, მსუბუქი ავტომობილების აქციზის გადასახადიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 259 მილიონ 900 ათასი ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს თანხა 243.5 მლნ ლარი იყო. შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსავალი წლიურად 16.4 მლნ ლარით, ანუ 6.7%-ით გაიზარდა. ავტომობილების აქციზიდან, ბიუჯეტში გადახდილი თანხის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, განბაჟებაზე აქციზის განაკვეთების მატებაა.
მოგეხსენებათ, რომ 2026 წლის 2 აპრილიდან ამოქმედებული ცვლილებებით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი ძრავის 1 კუბურ სანტიმეტრზე 80 თეთრიდან 4.5 ლარამდე გაიზარდა, რაც გადასახადის 5.6-ჯერ მატებას ნიშნავს. ასევე შეიცვალა 2020-2023 წლებში გამოშვებული ავტომობილების გარკვეული კატეგორიების განაკვეთები. ამის პარალელურად კი, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში 2026 წლის განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. იანვარ-სექტემბერში რაოდენობრივად იმპორტი წლის ჭრილში 12%-ით შემცირდა.