ვიკა ფილფანი - 4 ოქტომბერი აზიანებდა სახელმწიფო ინტერესს და ამის გადასარჩენად შემოვედით პარლამენტში - არათუ ვემიჯნებოდით, წინასწარ ვამბობდით კიდეც, რომ 4 ოქტომბრის პროვოკაცია იყო „ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილი პროვოკაცია მდინარაძის ორგანიზებით - Palitra News

ვიკა ფილფანი - 4 ოქტომბერი აზიანებდა სახელმწიფო ინტერესს და ამის გადასარჩენად შემოვედით პარლამენტში - არათუ ვემიჯნებოდით, წინასწარ ვამბობდით კიდეც, რომ 4 ოქტომბრის პროვოკაცია იყო „ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილი პროვოკაცია მდინარაძის ორგანიზებით

2026-10-27 16:32:32+04:00

ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ლევან მაჭავარიანს პლენარულ სხდომაზე, ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას მიმართა და უთხრა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება სწორედ 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება, რომლებიც, მისი შეფასებით, ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებდა.

ამით ფილფანმა ლევან მაჭავარიანის იმ განცხადებას უპასუხა სადაც მაჭავარიანი ამბობდა, რომ ოპოზიციურმა გუნდმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება „გარე პატრონების“ დავალებით მიიღო, რათა პროცესების საბოტაჟი ახლა უკვე საკანონმდებლო ორგანოს შიგნიდან გააგრძელონ“.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონ ლევან მაჭავარიანს, ვინაიდან სიტყვა მაქვს და არ ვიცი კიდევ როდის მექნება. ბატონო ლევან, დიახ, ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმიტომ, რომ თქვენ მიერ მოწყობილი, თქვენი ძალიან ახლო მეგობრის, მამუკა მდინარაძის თაოსნობით დაორგანიზებული პროვოკაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, 4 ოქტომბერი აზიანებდა სახელმწიფო ინტერესს და დააზიანა როგორც ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია, ასევე ამ ქვეყნის მოქალაქეები და ამ ქვეყნის ყველა საუკეთესო ინტერესი - ჩვენ ამის გადასარჩენად შემოვედით. ჩვენ არათუ ვემიჯნებოდით, ჩვენ ვგმობდით და წინასწარ ვამბობდით კიდეც, რომ 4 ოქტომბრის პროვოკაცია იყო "ქართული ოცნების" ოფისში დაგეგმილი პროვოკაცია მამუკა მდინარაძის ორგანიზებით, რომელიც აღიარა კიდეც მამუკა მდინარაძემ.“- აღნიშნა ვიკა ფილფანმა.