4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმის პროკურორი - მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და მოითხოვეს საპროცესო შეთანხმების დადება, აღნიშნულის თაობაზე პროკურატურას წერილობით მომართეს - Palitra News

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმის პროკურორი - მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და მოითხოვეს საპროცესო შეთანხმების დადება, აღნიშნულის თაობაზე პროკურატურას წერილობით მომართეს

2026-10-28 13:05:37+04:00

მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, ასევე მოინანიეს და მოითხოვეს საპროცესო შეთანხმების დადება, აღნიშნულის თაობაზე პროკურატურას წერილობით მომართეს, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მურთაზ ზოდელავასთან, ლაშა ბერიძესთან, ირაკლი ჩხვირკვიასთან და გური ჟვანიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი აღიარება გახდა.

„ბრალდების მხარემ ზემოთ აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინა. დღევანდელ სხდომაზე თითოეულმა მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალდებას, ასევე უდაოდ ხდიან ყველა მტკიცებულებას, რაც ადასტურებს, როგორც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ასევე, მასში მონაწილეობის, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ფაქტს და მოითხოვეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. სასამართლომ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა, საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაამტკიცა მხარეებს შორის არსებული შეთანხმება“, - განაცხადა თოდუამ.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელსა და 1 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.