თენგო თევზაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, პლენუმის წინ ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს - Palitra News

თენგო თევზაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, პლენუმის წინ ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს

2026-10-28 13:12:34+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, პლენუმის წინ ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის არგუმენტაციის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის მის კოლეგებთან ერთად იცავს იმ ღირებულებებს, რაც საქართველოს მოქალაქეების 1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველი მრავალპარტიული არჩევნებისას საარჩევნო ყუთებთან ჰქონდათ.

„1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. მე ვარ ამაყი, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვიცავ იმ ღირებულებებს, რა იდეითაც საარჩევნო ყუთთან მაშინ საქართველოს მოქალაქე მივიდა. მაშინ მთავარ მიზანს სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენა და 1921 წლის დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი მემკვიდრეობის აღდგენა წარმოადგენდა. ვემსახურები იმავე იდეას და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, პლენუმის წინ, ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს. ალბათ, პლენუმის წევრებიც მეთანხმებით, რომ თქვენც იმავეს გააკეთებთ“,- განაცხადა თენგო თევზაძემ.

თენგო თევზაძის ამ განცხადების საპასუხოდ, მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მიმართა და სთხოვა „საქმეზე გადასულიყო“.

„გასაგებია ამ დღის მნიშვნელობა, მაგრამ არანაირ „საბჭოთა რევანში“ და ასეთი საუბრები არ გინდათ. საქმეზე გადადით“,- აღნიშნა ნადარაიამ.