თუ საკონსტიტუციო სასამართლო თავის განაჩენით აკრძალავს პარტიებს, საქართველო დაასრულებს არსებობას, როგორც დემოკრატიული ქვეყანა - გადავდივართ ავტოკრატიაში, სადაც პროდასავლურ პარტიებს აუქმებენ და მათ ადგილს პრორუსული პარტიები დაიკავებენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, „გავდივართ ისტორიულ მოვლენას, როდესაც ქვეყანას ბრალდება, მათ შორის, 2008 წლის ომის დაწყება და ჩვენ უნდა დავდოთ ისტორიულად სწორი ვერსია ის, რაც სინამდვილეში მოხდა“.
„წინა პერიოდიდან გამომდინარე, თუ როგორ შეირჩნენ მოსამართლეები, ასე ჩანს, რომ პარტიების აკრძალვა მოხდება, ყველაფერი აქეთ მიდის. თუმცა, შეიძლება დავიტოვოთ იმედი 1%-იანი, რომ ზოგიერთ მოსამართლეს ეყოფა სახელმწიფოებრივი და ადამიანური ღირსება და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ადამიანებს ყოველთვის ეძლევათ შანსი, რომ ადამიანებად დარჩნენ და არა ვიღაცის მონებად და არ დაემონონ იმ ფულს, რასაც უხდიან.
ამ განაჩენით საქართველო დაასრულებს არსებობას, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ გადავდივართ ავტოკრატიაში, სადაც პროდასავლურ პარტიებს აუქმებენ და მათ ადგილს პრორუსული პარტიები დაიკავებენ, გადავდივართ რუსული მმართველობის ეტაპზე.
ქუჩები ხალხით უნდა გაივსოს! გაფიცვები და რაც ხელთ აქვთ ადამიანებს, იმ მომენტში ის უნდა გააკეთონ, რომ აქ რუსული ტიპის რეჟიმი არ დამყარდეს. პარტიების აკრძალვა მხოლოდ პარტიების აკრძალვა არ არის, თქვენი აკრძალვაც არის და გაიძულებენ, ივანიშვილსა და შაქარაშვილს შორის გააკეთოთ არჩევანი.
ოპოზიცია ქუჩაში გამოიყვანს თუ არა ხალხს, ეს ცალკე ამბავია, მაგრამ მეორე ამბავია, თუ რა მოლოდინი აქვს ხალხს, როდესაც აქ რუსული რეჟიმი კონსოლიდირდება. ეს პროცესი, პარტიების აკრძალვის პროცესი, არის ავტოკრატიის კონსოლიდაცია. დასავლეთის მყისიერი რეაქცია იქნება ის, რომ ქვეყანა დემოკრატიული აღარ არის, რომ აქ დასრულდა დემოკრატიის ისტორია და ქვეყანა ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენის ზონაში გადავიდა, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია.
ერთია, რას იზამენ აკრძალული პოლიტიკური პარტიები დანარჩენ პარტიებთან ერთად. ნებისმიერი ჯგუფი - პარტია, მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ ჰორიზონტალურ ხაზზეა. ასევე, ამ ხაზზევეა ხალხიც, რომლებსაც წაართვეს არჩევანი, ევროპული მომავალი, გაუძვირეს პროდუქტი, ბენზინი და ახლა დააანონსეს, რომ გაზი, წყალი და დენიც გაუძვირდებათ“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.