ბინების 73%, რომლის მშენებლობაც 2027 წელს უნდა დასრულდეს, უკვე გაყიდულია. ხოლო მიმდინარე წელს დასასრულებელი ბინების შემთხვევაში კი გაყიდვების მაჩვენებელი 82%-ს შეადგენს. ამის შესახებ „გალტ&თაგარტის“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2026 წლის აგვისტოს მიმოხილვაშია ნათქვამი. ამასთან, კვლევის თანახმად, 2028-2029 წლებში დასასრულებელი ბინების 62% უკვე გაყიდულია.
„გალტ&თაგარტის“ მიერ 2026 წლის სექტემბერში ჩატარებული სისტემური დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც თბილისში მშენებარე 100-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს მოიცავს და პირველადი ბაზრის დაახლოებით 50%-ს ფარავს, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში 8 085 ბინა გაიყიდა. ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. ამავე კვლევის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში, გაყიდული ბინების 74% საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს, 11% - ისრაელის მოქალაქეებმა, 5% - რუსეთის მოქალაქეებმა, ხოლო 11% სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მოდიოდა. ცნობისთვის, „გალტ&თაგარტის“ მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში ბინების გაყიდვები სეზონური ტენდენციის შესაბამისად, წინა თვესთან შედარებით შემცირდა, თუმცა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში თბილისში 3 429 ბინა გაიყიდა. აქედან მეორად ბაზარზე გაყიდვების რაოდენობამ 1 781 შეადგინა, რაც წლიურად 10.8%-იანი ზრდაა. 2026 წლის პირველ რვა თვეში მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 15.9%-ით გაიზარდა. პირველად ბაზარზე აგვისტოში 1 648 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.4%-ით მეტია. ანგარიშის თანახმად, ამ მაჩვენებელზე გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, ხოლო ზრდა ნაწილობრივ გასული წლის დაბალი საბაზისო მაჩვენებლითაც არის განპირობებული. იანვარ-აგვისტოში პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 20.7%-ით გაიზარდა. ამასთან, დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველად ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს ასახავს, 2026 წლის აგვისტოში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 30.9%-ით გაიზარდა, ხოლო რვა თვის მაჩვენებელი 31.6%-იანი ზრდით ხასიათდებოდა. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისში სულ 30 703 უძრავი ქონების ტრანზაქცია დარეგისტრირდა, გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ კი 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 27.3%-ით მეტია.