1984 წლის 31 ოქტომბერი. ნიუ-დელი.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი საკუთარი რეზიდენციის ეზოში გამოვიდა. იმ დილით მას ინტერვიუ უნდა ჩაეწერა ბრიტანელ მსახიობთან და ტელეწამყვანთან, პიტერ უსტინოვთან, რომელიც მის შესახებ დოკუმენტურ მასალაზე მუშაობდა.
ინდირა განდი სამოცდაექვსი წლის იყო. თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში, მცირე შესვენებით, ის იყო ქვეყნის პოლიტიკური ცენტრში მთავარი ფიგურა. მისი სახელი ასოცირდებოდა ომთან, ეკონომიკურ გარდაქმნებთან, სახელმწიფო ძალაუფლების გაძლიერებასა და ინდოეთის საერთაშორისო გავლენასთან.
მაგრამ იმ დილით მის წინააღმდეგ იარაღი მიმართეს ადამიანებმა, რომლებიც მისი პირადი დაცვის წევრები იყვნენ.
ბეანტ სინგჰი და სატვანტ სინგჰი სიქიზმის მიმდევრები ანუ მონოთეისტური რელიგიური აღმსარებლობის მიმდევრები იყვნენ. ინდოეთის არმიამ ამრიტსარში, სიქიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წმინდა ადგილას, ოპერაცია „ლურჯი ვარსკვლავი“ განახორციელა. ტაძრის კომპლექსში გამაგრებული შეიარაღებული მებრძოლების წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას, მშვიდობიანი მომლოცველებს შორის მსხვერპლიც მოჰყვა. წმინდა კომპლექსიც მძიმედ დაზიანდა.
ოპერაცია „ლურჯი ვარსკვლავის“ (Operation Blue Star) ანუ ინდოეთის ერთ-ერთი სისხლიანი სამხედრო ოპერაციის ბრძნება 1984 წლის 1-დან 10 ივნისამდე ქვეყნის იმდენადროინდელმა პრემიერ-მინისტრის, ინდირა განდმა გასცა . ოპერაციის მიზანს ქალაქ ამრიტსარში მდებარე სიქების უმთავრესი წმინდა ადგილიდან — „ოქროს ტაძრიდან“ (Harmandir Sahib) — სიქი სეპარატისტებისა და მათი რადიკალი ლიდერის, ჯარნეილ სინგჰ ბჰინდრანვალეს გამოდევნა და განეიტრალება წარმოადგენდა
ბევრი სიქისთვის ეს ოპერაცია ლურჯი ვარსკვლავი რელიგიური და ეროვნული შეურაცხყოფად ფასდებოდა. ინდირა განდის გადაწყვეტილებამ კი ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისს რელიგიური შურისძიების საფრთხეც დაუმატა.
31 ოქტომბრის დილას ბეანტ სინგჰმა ინდირა განდის ცეცხლი გაუხსნა. შემდეგ კი მას სატვანტ სინგჰმაც ესროლა. პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საავადმყოფოში გადაყვანილი ინდირას სხეულიდან ექიმებმა 23 ტყვია ამოიღეს.
ასე დასრულდა იმ ქალის სიცოცხლე, რომელსაც ინდოეთის „რკინის ლედის“ და „იმპერიის დედას“ ეძახდნენ. მან მემკვიდრეობით მიიღო სიღარიბით, შიმშილითა და ეთნიკური შუღლით დაგლეჯილი უზარმაზარი ქვეყანა და გახდა მსოფლიოში უდიდესი დემოკრატიის პირველი და ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი.
ყველაზე ხშირად დასმული კითხვას სწოერდ ესაა - როგორ იქცა ბავშვობაში მარტოხელა, ავადმყოფი გოგონა აბსოლუტური ძალაუფლების მქონე მმართველად? რა საიდუმლოს ინახავდა მისი ურთიერთობა ქმართან და როგორ აქცია მან საკუთარი სუსტი, „უენო თოჯინის“ იმიჯი ეშვებიანი პოლიტიკური ლიდერის იმიჯად?
ინდირა განდის მკვლელობა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ლიდერის სიცოცხლის დასასრული არ ყოფილა. რამდენიმე დღეში ინდოეთის დედაქალაქში სიქების წინააღმდეგ მასობრივი ძალადობა დაიწყო. ათასობით ადამიანი დაიღუპა.
როგორ მივიდა მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის ლიდერი იმ წერტილამდე, რომ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ერთდროულად - ქვეყნისთვის ისტორიულ მიღწევებსაც ნიშნავდა და ტრაგედიებსაც?
ეს არის ინდირა განდის ისტორია - ქალის, რომელმაც უდიდესი დემოკრატიის სათავეში აბსოლუტური ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ინდოეთი ბირთვულ იმპერიად აქცია, თუმცა საკუთარივე ხისტი გადაწყვეტილებების ტრაგიკულ მსხვერპლად იქცა.
ნერუს ქალიშვილი - ბავშვობა, მარტოობა და პოლიტიკის სკოლა
1917 წლის 19 ნოემბერს, ალაჰაბადში, გავლენიან ოჯახში გოგონა დაიბადა. მას ინდირა პრიადარშინი ნერუ დაარქვეს.
ინდირას მამა, ჯავაჰარლალ ნერუ, ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი გახდა, მოგვიანებით კი ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი. ბაბუა, მოტილალ ნერუ, წარმატებული ადვოკატი და პოლიტიკური მოღვაწე იყო.
ოჯახის სახლი, ანანდა ბჰავანი, მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა. ის დამოუკიდებლობის მოძრაობის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი იყო.
ინდირას ბავშვობა არ ჰგავდა იმდროინდელი შეძლებული ოჯახის ბავშვის ჩვეულებრივ ცხოვრებას. ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლა მის ყოველდღიურობად იქცა. მამასა და ბაბუას აპატიმრებდნენ. დედამისი, კამალა ნერუ, ტუბერკულოზით იტანჯებოდა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხშირად ოჯახს იყო მოშორებული.
ინდირა იზრდებოდა გარემოში, სადაც პირადი ცხოვრება და პოლიტიკა ერთმანეთისგან თითქმის განუყოფელი იყო.
მოზარდობის პერიოდში, მან მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის მოძრაობასთან დაკავშირებულ ახალგაზრდულ საქმიანობაში. 1930 წელს ჩამოყალიბდა ბავშვთა ორგანიზაცია „ვანარ სენა“, რომლის სახელიც მითოლოგიურ მაიმუნთა არმიას უკავშირდებოდა. მისი მონაწილეები კონგრესის მოძრაობას ეხმარებოდნენ.
სწავლის გაგრძელებას ინდირა ევროპაში ცდილობდა. სწავლობდა შვეიცარიაში და ოქსფორდის უნივერსიტეტის სომერვილის კოლეჯშიც, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებისა და სწავლის შეწყვეტის გამო ხარისხი ვერ მიიღო.
ევროპაში გაიცნო ფეროზ განდი - სპარსული წარმოშობის ინდოელი, რომელიც მოგვიანებით ჟურნალისტი და პარლამენტის წევრი გახდა. ისინი 1942 წელს დაქორწინდნენ. ოჯახში ორი ვაჟი - რაჯივი და სანჯაი გაჩნდა.
ინდირას ქორწინება და პირადი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. ფეროზი დამოუკიდებელ პოლიტიკურ გზას მიჰყვებოდა და პარლამენტში ხელისუფლების მუშაობასაც აკრიტიკებდა. ცოლ-ქმრის ურთიერთობა დროთა განმავლობაში გართულდა.
1960 წელს ფეროზ განდი გარდაიცვალა.
ინდირას ცხოვრებაში უკვე იყო დანაკარგი, მარტოობა და პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვეულებრივ ოჯახურ ცხოვრებას სცდებოდა. თუმცა მისი პოლიტიკური ამბავი მხოლოდ პოლიტიკოსი მამის ქალიშვილის ბიოგრაფია არ ყოფილა.
ცხადი იყო , ინდირა განდის საკუთარი ძალაუფლებისთვის ბრძოლა მოუწევდა.
***1947 წელს ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ჯავაჰარლალ ნერუ ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა.
ინდირა მამის გვერდით ხშირად ჩნდებოდა ოფიციალურ ღონისძიებებსა და საერთაშორისო შეხვედრებზე. ის პოლიტიკურ გარემოს შიგნიდან აკვირდებოდა, თუმცა ხელისუფლების სათავეში ჯერ არ იყო.
1964 წელს ნერუ გარდაიცვალა. პრემიერ-მინისტრი ლალ ბაჰადურ შასტრი გახდა, ინდირა კი ინფორმაციისა და მაუწყებლობის მინისტრად დაინიშნა.
1966 წლის იანვარში შასტრი ტაშკენტში, საბჭოთა შუამავლობით გამართული ინდოეთ-პაკისტანის მოლაპარაკებების შემდეგ, მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. მოგვიანებით გაჩნდა ეჭვები და კითხვები, მაგრამ მკვლელობის შესახებ დამაჯერებელი, საყოველთაოდ მიღებული მტკიცებულება არ არსებობს.
ინდოეთის მმართველ პარტიაში, ინდოეთის ეროვნულ კონგრესში, ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა გახდა საჭირო.
პარტიის გავლენიანმა ლიდერებმა ინდირა განდი კანდიდატად იმიტომაც შეარჩიეს, რომ გამოუცდელად მიიჩნევდნენ და ეგონათ, მისი მართვა ადვილი იქნებოდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ინდირა პარტიის ძველი ხელმძღვანელობის გავლენის ქვეშ დარჩებოდა.
1966 წლის იანვარში ინდირა განდი პრემიერ-მინისტრი გახდა.
მაგრამ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ის მალე დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
***
1969 წელს ინდირას მთავრობამ ინდოეთის თოთხმეტი უდიდესი კერძო ბანკის ნაციონალიზაცია მოახდინა. გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარდაქმნა იყო: მთავრობა ცდილობდა, საბანკო რესურსები უფრო მეტად მიემართა სოფლის მეურნეობის, მცირე ბიზნესისა და იმ ჯგუფებისკენ, რომლებსაც ფინანსებზე წვდომა შეზღუდული ჰქონდათ.
იმავე პერიოდში ინდირა დაპირისპირდა კონგრესის ძველ ხელმძღვანელობას. პარტია გაიყო და ინდირას მხარდამჭერებმა საკუთარი ფრაქცია ჩამოაყალიბეს.
მისი პოლიტიკური სტრატეგია მკაფიო იყო: ის ცდილობდა, თავი წარმოეჩინა არა ძველი ელიტის წარმომადგენლად, არამედ ღარიბებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტერესების დამცველად.
1971 წელს ინდირა განდის პარტია არჩევნებში დიდი უპირატესობით დაბრუნდა.
***
ინდირა განდის პოლიტიკური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 1971 წლის კრიზისი გახდა.
მაშინ პაკისტანი ორ გეოგრაფიულ ნაწილად იყო გაყოფილი: დასავლეთ და აღმოსავლეთ პაკისტანად. მათ შორის დიდი მანძილი, პოლიტიკური უთანასწორობა და ეკონომიკური წინააღმდეგობები არსებობდა.
1970 წლის არჩევნების შემდეგ აღმოსავლეთ პაკისტანში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა. 1971 წლის მარტში პაკისტანის არმიამ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამას მოჰყვა მასობრივი მკვლელობები, რეპრესიები და მოსახლეობის უზარმაზარი ნაკადის გაქცევა.
ინდოეთში დაახლოებით ათი მილიონი ლტოლვილი შევიდა. ეს ქვეყნის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისად იქცა.
აღმოსავლეთ პაკისტანის დამოუკიდებლობის მოძრაობამ ბანგლადეშის სახელმწიფოს შექმნა მოითხოვა. ინდოეთმა მხარი დაუჭირა ამ პროცესს.
მაგრამ კრიზისი მხოლოდ რეგიონული არ ყოფილა. ის ცივი ომის გეოპოლიტიკასაც უკავშირდებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი და მისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჰენრი კისინჯერი პაკისტანს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევდნენ, მათ შორის ჩინეთთან დიპლომატიური არხების გამო. ინდირა განდი კი ცდილობდა, ინდოეთის პოზიცია გაემყარებინა და შესაძლო გარე ჩარევის რისკი შეემცირებინა.
1971 წლის აგვისტოში ინდოეთმა და საბჭოთა კავშირმა ოცი წლის ვადით ხელი მოაწერეს მშვიდობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი სამხედრო ალიანსი, თუმცა მას მნიშვნელოვანი სტრატეგიული დატვირთვა ჰქონდა.
აშშ-ის ეროვნული არქივის მიერ გამოქვეყნებული დიპლომატიური ჩანაწერები აჩვენებს, რომ ნიქსონი და კისინჯერი ინდოეთის მიმართ მტრულ და შეურაცხმყოფელ ენას იყენებდნენ. ეს ჩანაწერები მათი რეალური პოლიტიკური დამოკიდებულების გასაგებად მნიშვნელოვანია - არა როგორც დრამატული ლეგენდა, არამედ როგორც დოკუმენტირებული ისტორია.
1971 წლის დეკემბერში ინდოეთსა და პაკისტანს შორის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. აშშ-მა ბენგალის ყურის მიმართულებით ავიამზიდი „ენტერპრაიზის“ ჯგუფი გაგზავნა. საბჭოთა კავშირმა კი ინდოეთს დიპლომატიური და სტრატეგიული მხარდაჭერა გაუწია.
ინდოეთისა და ბანგლადეშის ძალებმა პაკისტანის არმიას აღმოსავლეთ ფრონტზე სძლიეს. 1971 წლის 16 დეკემბერს დაკაში პაკისტანის ძალებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი.
დაახლოებით 90–93 ათასი პაკისტანელი სამხედრო და სხვა პირი ტყვედ ჩავარდა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო კაპიტულაცია იყო.
ბანგლადეში დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.
***
ინდირა განდის საერთაშორისო ავტორიტეტი გაიზარდა. ბევრის თვალში ის ლიდერი გახდა, რომელმაც რეგიონში ძალთა ბალანსი შეცვალა და ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
თუმცა ომის გამარჯვება ვერ გადაჭრიდა ინდოეთის ყველა პრობლემას. ქვეყნის შიგნით ეკონომიკური სირთულეები, ინფლაცია და პოლიტიკური უკმაყოფილება გროვდებოდა.
***
1970-იანი წლების შუა პერიოდში ინდოეთი ეკონომიკურ და პოლიტიკურ სირთულეებს განიცდიდა. ინფლაცია, უმუშევრობა და კორუფციის ბრალდებები ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას აძლიერებდა.
ოპოზიციური მოძრაობები ფართოვდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიტიკოსი ჯაიაპრაკაშ ნარაიანი იყო, რომელიც ხელისუფლებას დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებდა.
1975 წლის 12 ივნისს ალაჰაბადის უმაღლესმა სასამართლომ ინდირა განდის 1971 წლის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ დარღვევებში დამნაშავედ ცნო და მისი არჩევის კანონიერება გააუქმა. გადაწყვეტილება ეხებოდა საარჩევნო პროცესში სახელმწიფო რესურსებისა და თანამდებობრივი შესაძლებლობების უკანონო გამოყენებას.
ეს განდის პოლიტიკური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტი იყო.
რამდენიმე კვირის შემდეგ, 1975 წლის 25 ივნისს, ინდოეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტმა ფახრუდინ ალი აჰმედმა შესაბამის დეკლარაციას ხელი მოაწერა ინდირა განდის მთავრობის რჩევით.
მომდევნო დილიდან ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლება მკვეთრად შეიზღუდა.
ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები დააპატიმრეს. მედიის მიმართ ცენზურა დაწესდა. მოქალაქეთა უფლებები შეიზღუდა, ხოლო ხელისუფლების კრიტიკა ბევრად უფრო სახიფათო გახდა.
საგანგებო მდგომარეობა 1977 წლის მარტამდე გაგრძელდა.
***
ამ პერიოდში განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა ინდირას უმცროსმა ვაჟმა, სანჯაი განდიმ, რომელსაც ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავა, თუმცა მთავრობის პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება ჰქონდა.
სანჯაის სახელთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი მოსახლეობის იძულებითი სტერილიზაციის კამპანიაა. ხელისუფლება მოსახლეობის ზრდის შემცირებას ცდილობდა, მაგრამ ბევრგან მიზნების მისაღწევად ადამიანებზე ზეწოლა, მუქარა და იძულება გამოიყენებოდა.
1976–1977 წლებში ინდოეთში რვა მილიონზე მეტი სტერილიზაციის პროცედურა ჩატარდა. ყველა მათგანი იძულებითი არ ყოფილა, თუმცა კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებისა და ზეწოლის პირობებში მიმდინარეობდა.
სანჯაის სახელთან დაკავშირებული იყო ღარიბთა დასახლებების დანგრევის პოლიტიკაც. დელიში, თურქმანის ჭიშკრის მიდამოებში, საცხოვრებელი უბნების ნგრევას მძიმე დაპირისპირება და მსხვერპლი მოჰყვა.
ეს მოვლენები ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობას ანადგურებდა.
1977 წელს ინდირა განდიმ საგანგებო მდგომარეობა გააუქმა და არჩევნები დანიშნა. შესაძლოა, ის ელოდა, რომ მისი ხელისუფლება კვლავ შეინარჩუნებდა მხარდაჭერას. მაგრამ შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა.
კონგრესმა არჩევნები წააგო. ინდირამ საკუთარი საპარლამენტო მანდატიც დაკარგა. ხელისუფლებაში ოპოზიციური პარტია მოვიდა.
ინდირა განდის მმართველობის ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხი სწოერდ მაშინ დადგა.
***
მომდევნო წლებში ინდირა კვლავ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა. მისი მოწინააღმდეგეები ხელისუფლების მართვაში სირთულეებს აწყდებოდნენ, ხოლო ოპოზიციური კოალიცია შიდა დაპირისპირებებით დასუსტდა.
1980 წელს ინდირა განდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაუბრუნდა.
მაგრამ მისი დაბრუნება ახალ კრიზისებს დაემთხვა. იმავე წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა მისი უმცროსი ვაჟი, სანჯაი - ადამიანი, რომელსაც ის პოლიტიკურ მემკვიდრედ განიხილავდა.
ინდირას ცხოვრებაში პირადი დანაკარგი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა კვლავ გადაიკვეთა.
მისი მმართველობის ბოლო წლები კი პენჯაბის კრიზისმა განსაზღვრა.
***
1980-იანი წლების დასაწყისში პენჯაბში სეპარატისტული მოძრაობა და ძალადობა გაძლიერდა. შეიარაღებული რადიკალური ჯგუფების ნაწილი დამოუკიდებელი სიქური სახელმწიფოს - ხალისტანის შექმნას მოითხოვდა.
მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა ჯარნაილ სინგჰ ბჰინდრანვალე იყო. მისი მიმდევრების ნაწილი ამრიტსარის ოქროს ტაძრის კომპლექსში გამაგრდა. ტაძრის კომპლექსი სიქიზმის უმნიშვნელოვანესი წმინდა ადგილია.
ინდოეთის მთავრობა ამტკიცებდა, რომ შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედება აუცილებელი იყო. მაგრამ სამხედრო ოპერაცია იმ ადგილას უნდა ჩატარებულიყო, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის განსაკუთრებული რელიგიური მნიშვნელობის მატარებელია.
1984 წლის ივნისში ინდირა განდიმ ოპერაცია „ლურჯი ვარსკვლავის“ ჩატარება ბრძანა.
ინდოეთის არმია ტაძრის კომპლექსში შევიდა. ბრძოლებისას გამოიყენეს მძიმე შეიარაღებაც. დაიღუპნენ შეიარაღებული მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები. დაზიანდა ისტორიული აკალ ტახტი, რომელიც სიქიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ნაგებობაა.
შედეგი ცხადი იყო: ოპერაციამ სიქების დიდი ნაწილისთვის ღრმა ტრავმა და აღშფოთება გამოიწვია.
ოპერაციამ ინდოეთის მთავრობასა და სიქურ საზოგადოებას შორის დაპირისპირება გაამწვავა.
***
„ლურჯი ვარსკვლავის“ ოპერაციით გამწვავებული კრიზისი ინდირა განდის მკვლელბით დასრულდა . მას ცეცხლი პირადი დაცვის წევრებმა გაუხსნეს.
1984 წლის 30 ოქტომბერს, ორისაში გამოსვლისას, ინდირა განდიმ თქვა, რომ მისი სიცოცხლე შესაძლოა ხანმოკლე ყოფილიყო, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ხალხის სამსახურს გააგრძელებდა. მის სიტყვებში იყო ცნობილი ფრაზაც, რომ მისი სისხლის ყოველი წვეთი ინდოეთის გაძლიერებასა და ერთიანობას მოხმარდებოდა.
ამ სიტყვის მეორე დილით ის მოკლეს.
***
ინდირა განდის მკვლელობამ ინდოეთი შოკში ჩააგდო. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მისმა უფროსმა ვაჟმა, რაჯივ განდიმ, დაიკავა.
მაგრამ ქვეყანაში გლოვას მალევე მოჰყვა ძალადობა.
ინდირას მკვლელობის შემდეგ დელიში და ინდოეთის სხვა ნაწილებში სიქების წინააღმდეგ მასობრივი თავდასხმები დაიწყო. ადამიანებს კლავდნენ, სახლებსა და მაღაზიებს წვავდნენ. მრავალი ოჯახი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა.
1984 წლის ანტისიქურ არეულობებს ქვეყნის მასშტაბით 3 325 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათგან 2 733 - დელიში. ამ ძალადობის გარემოებები, ორგანიზებული თავდასხმების ბრალდებები და ხელისუფლებისა და პოლიციის პასუხისმგებლობის საკითხი წლების განმავლობაში გამოძიებისა და საზოგადოებრივი დებატების საგანი გახდა.
რაჯივ განდის იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამი მოგვიანებით მწვავე კრიტიკის საგნად იქცა. მან თქვა: „როდესაც დიდი ხე ეცემა, დედამიწა ირყევა“. ეს სიტყვები ბევრმა ისე აღიქვა, თითქოს ეს ფრაზა ძალადობის მასშტაბის გამართლებას ან შემცირებას ემსახურებოდა.
ინდოეთის ისტორიაში ამ მოვლენებმა ღრმა კვალი დატოვა.
***
ინდირა განდის მემკვიდრეობა ერთმნიშვნელოვანი არ არის.
მისი მხარდამჭერები მას ხედავენ როგორც ძლიერ ლიდერს, რომელმაც ინდოეთის საერთაშორისო პოზიციები გააძლიერა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბანგლადეშის დამოუკიდებლობის პროცესში და ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე გავლენა მოახდინა.
მისი კრიტიკოსები კი იხსენებენ საგანგებო მდგომარეობას, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას, პრესის ცენზურას, იძულებითი სტერილიზაციის კამპანიას და ძალაუფლების კონცენტრაციას.
ინდირა განდი ერთდროულად იყო ძლიერი პოლიტიკური სტრატეგი და ლიდერი, რომლის გადაწყვეტილებებსაც მძიმე ადამიანური ფასი ჰქონდა.
ინდირა განდის ისტორია გვახსენებს, რომ პოლიტიკური წარმატება და დემოკრატიული პასუხისმგებლობა ერთი და იგივე არ არის. სახელმწიფოს გაძლიერების სახელით მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება ისტორიულ გამარჯვებად ჩაითვალოს, მაგრამ მათმა შედეგებმა საზოგადოებაში ღრმა ჭრილობებიც დატოვოს.
ინდირა განდი ინდოეთის ისტორიაში დარჩა არა მხოლოდ როგორც პირველი ქალი, რომელმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა, არამედ როგორც ლიდერი, რომლის მმართველობამ აჩვენა ძალაუფლების შესაძლებლობებიც და მისი საშიშროებებიც.
მისი ცხოვრება ერთ კითხვას გვიტოვებს:
როდის წყვეტს ლიდერი ქვეყნის სახელით მოქმედებას და როდის იწყებს ქვეყნის ბედის საკუთარ ხელში მოქცევას?
ინდირა განდის ისტორია ამ კითხვაზე მარტივ პასუხს არ იძლევა. სწორედ ამიტომ რჩება ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საკამათო და მნიშვნელოვან ფიგურად თანამედროვე ინდოეთის ისტორიაში.