მაია მწარიაშვილი - მოსარჩელეებს სურთ, ჩამოწერონ ხუთი პოლიტიკური პარტია და ჩვენი საარჩევნო უფლება - სარჩელში ყველაფერი გადაზელილია ერთმანეთში, რომ ვერაფერი გაიგოთ, თუ რომელ მოპასუხეს რა მიესადაგება - Palitra News

მაია მწარიაშვილი - მოსარჩელეებს სურთ, ჩამოწერონ ხუთი პოლიტიკური პარტია და ჩვენი საარჩევნო უფლება - სარჩელში ყველაფერი გადაზელილია ერთმანეთში, რომ ვერაფერი გაიგოთ, თუ რომელ მოპასუხეს რა მიესადაგება

2026-10-29 19:39:51+04:00

ასე შედგენილი სარჩელით სასამართლოში არ წავა ყველაზე ელემენტარული პასუხისმგებლობის მქონე ადვოკატიც კი, მეზობლებს შორის ღობის დავაზე. ასეთი დასაბუთების სარჩელით არ იკადრებს წასვლას არცერთი პასუხისმგებლობიანი იურისტი, - ამის შესახებ იურისტმა მაია მწარიაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „რეზიუმეში” პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მწარიაშვილის თქმით, აღნიშნულ სარჩელში ყველაფერი გადაზელილია ერთმანეთში, რათა საზოგადოებამ ვერ გაიგოს, ვის რა ბრალი მიემართება და რა მუხლი ესადაგება.

„სარჩელი სულ არის ოცი გვერდი. ამ ოც-გვერდიანი სარჩელით, მოსარჩელეებს სურთ, ჩამოწერონ ხუთი პოლიტიკური პარტია და ჩვენი საარჩევნო უფლება.

ჩემი პროფესიული პრაქტიკა გუშინ არ დაწყებულა, საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება მაქვს, მაგრამ არ სჭირდება ამას ხანგრძლივი პროფესიული გამოცდილება, რომ მიხვდე, ასე შედგენილი სარჩელით სასამართლოში არ წავა ყველაზე ელემენტარული პასუხისმგებლობის მქონე ადვოკატიც კი, მეზობლებს შორის ღობის დავაზე. ასეთი დასაბუთების სარჩელით არ იკადრებს წასვლას არცერთი პასუხისმგებლობიანი იურისტი.

დღეს რომ გამოხვიდე გამოქვაბულიდან, არაფერი იცოდე და მხოლოდ ეს სარჩელი წაიკითხო, მაშინაც მიხვდები, რომ ეს არ არის ის სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში უნდა მიეღო.

სარჩელი ძირითადად მანიპულირებს სამართლებრივი ცნებებით, კატეგორიებით, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მაგრამ იყენებენ აბსოლუტურად უკუღმა ანუ ის ცნებები, კატეგორიები და ინსტრუმენტები, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც დემოკრატიის დაცვისთვის არსებობს, ამ სარჩელის მიხედვით გამოყენებულია უკუღმა და დემოკრატიის ფუნდამენტის მოსარღვევად.

სარჩელში, პირველ რიგში, უნდა ეწეროს ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგ ის, თუ რომელ ქმედებას რა მიესადაგება. ამ სარჩელში ყველაფერი გადაზელილია ერთმანეთში იმისთვის, რომ თქვენ ამ სარჩელის წაკითხვით ვერაფერი გაიგოთ, თუ რომელ მოპასუხეს რა მიესადაგება, რატომ მიემართება ან რა დასაბუთებით მიემართება.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პარტიების არაკონსტიტუციურობის საფუძველი არ არის ის, რომ რომელიღაც პარტია არ მომწონს ან რომელიღაც პარტიის მმართველობის პერიოდში დანაშაულები ხდებოდა ქვეყანაში და არც თუ ცოტა, ან რომელიმე პარტიას არაკონსტრუქციულად მივიჩნევ და ა.შ.” - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.