[ელენე ხოშტარიას პატიმრობა] არის საჯარო გზავნილი ყველას მიმართ, რომ ვიქნებით დაუნდობლები, ნულოვანი ემპათია გვაქვს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
გედევან ფოფხაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიის ფორმალური მხარის დაცვაზეც უარი თქვა, ამიტომ მსგავსი საჯარო დასჯა მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებლად იქცა.
„მათ ეს თემა[პატიმრობა] საღლაბუცოდ აქციეს. რომ ნახოთ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები როგორ ექცევიან პატიმრებს, ეს არის მათი მხრიდან გზავნილი, რომ არ ამარტო დავიჭირეთ, არამედ დასაჭერებიც არიან და უარესიც უნდა ვუქნათ. ელენე არის შერჩეული პერსონა, როგორც თვალსაჩინო წარმომადგენელი ოპოზიციური საპროტესტო მოძრაობის, მაგრამ გარდა ამისა, ეს არის საჯარო გზავნილი ყველას მიმართ, რომ ვიქნებით დაუნდობლები, ნულოვანი ემპათია გვაქვს. ემპათია ყველას მიმართ უნდა გქონდეს, პატიმარი რომ არის ადამიანი, მის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება უნდა გქონდეს.
იქითა მხარეს არიან აქლემის ქურდები და იჭერენ ადამიანებს, რომელთაც ნემსიც არ მოუპარავთ. ძალიან უმნიშვნელო დარღვევები გვაქვს: ქუჩა გადავკეტეთ, ტროტუარზე არასწორად დავდექით. ბანერზე წარწერის გაკეთებისთვის საპატიმრო სანქციას რომ შეუფარდებ, ეს არ არის კერძო „ქეისი", ეს არის გზავნილი მთლიანად საზოგადოების მიმართ, რომ თუ შემიძლია, რომ ელენე ხოშტარიას ასე მოვექცე, შენ, ტროტუარზე რომ დგახარ, გაითვალისწინე, რომ უარესს გიზამ. ელენე ხოშტარიას საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს, ცნობადობაც მაღალი აქვს, გამოკვეთილი პოლიტიკური სახეა და ამის მიხედვად, მე მას ამას ვუკეთებ.
ესენი შორს წავიდნენ, მათ უნდათ ქვეყანაში ფორმალური დიქტატურის გამოცხადება, რაც „ნაცმოძრაობის“ დროს მაინც ტაბუ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვინც ოპოზიციაში ვიყავით, ვსაუბრობდით ავტორიტარიზმზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, „ნაცმოძრაობა“ ცდილობდა, რომ ფორმალური მხარე დაეცვა. ამათ რადგან ფორმალურ მხარეზე უარი თქვეს, ასეთი საჯარო დასჯა მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებლად იქცა, სისტემა ამაზეა აგებული“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ინფორმაციისთვის, პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.
პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თავდაპირველად, კლინიკა „ვივამედში“, რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეს. აღნიშნული კლინიკიდან კი რუსთავის ქალთა ციხეში 27 სექტემბერს დააბრუნეს.