თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების დროს კონკრეტულ მონაკვეთებზე შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მერია ასევე აქვეყნებს შეზღუდვის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტსაც.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის კვეთაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 1-ელი ნოემბრის 00:00-დან 2 ნოემბრის 00:00 საათამდე ჭოველიძის ქუჩის ასახვევში ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება.
მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ავტომობილები ჭოველიძის ქუჩის შემოვლას შეძლებენ კოსტავას და ზანდუკელის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩიდან მომავალი ავტომობილები კი შემოვლას შეძლებენ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით, მელიქიშვილის გამზირის, ჯანაშიას და ბარნოვის ქუჩების საშუალებით.
შეზღუდვის პერიოდში, ჭოველიძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეეცვლება N378 ავტობუსის და მიკროავტობუსის N408, N420 მარშრუტებს. კერძოდ, N378 ავტობუსი სადგურის მოედნიდან რჩეულიშვილი-ჯაფარიძის ქუჩებისკენ გადაადგილებისას ვარაზისხევიდან მოძრაობას გააგრძელებს კეკელიძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც ჯანაშვილის ქუჩით დაუკავშირდება ბარნოვის ქუჩას და იმოძრავებს ჭოველიძის ქუჩისკენ, შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს. მიკროავტობუსის N408 და N420 მარშრუტები ბარნოვის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ჩამოსვლის შემდეგ (მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორია), მოძრაობას აღარ გააგრძელებენ კოსტავას ქუჩისკენ. ხოლო უკუმიმართულებისას მიხეილ ზანდუკელის ქუჩით გადაადგილდებიან ბარნოვის ქუჩისკენ, შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია განცხადებაში.