აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაციაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს - აღმაშფოთებელია და ყველანაირ ზღვარს არის გადასული ასეთი ტყუილის გავრცელება! - ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გააკეთა და სასამართლოს მიმართა, უზრუნველეყო, რომ ეს ამ დარბაზში აღარ განმეორებულიყო.
გორდულაძის განცხადება პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრის გიორგი სიორიძის შეფასებას მოჰყვა. კერძოდ, სიორიძემ სასამართლოს სხდომაზე სუს-ის ანგარიშიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაციის პოლიტიკასთან და რუსეთის საფრთხეებთან დაკავშირებული ამონარიდები წაიკითხა. აქვე სიორიძემ აღნიშნა, რომ სუს-ი სწორედ ამ საკითხებით უნდა იყოს დაკავებული, “ნაცვლად სასულიერო პირების, “ქართული ოცნების“, ოპონენტებისა და განსხვავებულად მოაზროვნე პირების პირადი ცხოვრების უკანონოდ თვალთვალისა“.
გორდულაძემ სიორიძეს გამოსვლა შეაწყვეტინა და სასამართლოს მიმართა.
“ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები და ტყუილების გამეორებასა და სიცრუის გავრცელებას თავი დაანებოს! საერთოდ, სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე?! ბატონმა სიორიძემ იკადრა, რომ თურმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს - ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია, რასაც ბატონი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე კადრულობს! უკვე აღმაშფოთებელია ასეთი ტყუილის გავრცელება! ეს ყველანაირ ზღვარს არის გადასული - უზრუნველყავით, რომ ეს ამ დარბაზში აღარ განმეორდეს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის საპასუხოდ სიორიძემ აღნიშნა, რომ ეს არის არა მისი შეფასებები, არამედ საჯაროდ გავრცელებული ფაქტები, რაზეც თავად სასულიერო პირებიც საუბრობდნენ.
„არაერთხელ გამოვიდა კრებსები, რომელშიც მათ შორის პოლიტიკური ოპონენტები მოხვდნენ. მართლა ხდებოდა ის, რაც კრებსებში გამოქვეყნდა“, - აღნიშნა სიორიძემ.
თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სიორიძე მიმართა, არ ესაუბრა საკითხზე, რაც სასამართლოში განსახილველ თემას არ უკავშირდება.
“მე ბატონ გიორგი სიორიძეს გაღიზიანებას ვერ ვატყობ - სასამართლო ამ მითითებას არ იზიარებს. ბატონო გიორგი! რაც შეეხება უხეშ ბრალდებებს, შეეცადეთ, რომ იყოთ კორექტული და ამა თუ იმ ფაქტების მიმართ თქვენი შეფასებებისგან თავი შეიკავეთ. ის რაც დადასტურებული არ არის, ასეთი მითითებისგან თავი შეიკავეთ“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.