მედია - პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო არსებული კრიზისი გამწვავდა - Palitra News

მედია - პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო არსებული კრიზისი გამწვავდა

2026-10-31 11:47:14+04:00

პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო არსებული კრიზისი გამწვავდა, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

პარასკევს საღამოს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან შეტაკებები მოხდა. ერთმანეთს სამართალდამცავები და შენობასთან მისული დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ.

ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის ვებგვერდზე მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკას ბრძანება გამოქვეყნდა, რომლითაც ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ბოგდან შვეჩკოვსკისა და მის მოადგილეს, ბარტოშ შოჩანსკის უფლებამოსილება შეუჩერდათ.

მოგვიანებით, პლატფორმა X-ზე საკონსტიტუციო ტრიბუნალის გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომ ტრიბუნალის ვებგვერდი მიიტაცეს, ხოლო თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი მოვალეობის შესრულებას განაგრძობდა.

ასევე, პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა ვალდემარ ჟურეკმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალს მოსამართლეებისთვის, მათ შორის ტრიბუნალის თავმჯდომარის, ბოგდან შვეჩკოვსკისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ხუთი შუამდგომლობა წარუდგინა.

განვითარებული მოვლენების ფონზე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შექმნილი ვითარება ყოფილი მმართველი პარტიის „კანონისა და სამართლიანობის“ მიერ არის გამოწვეული.

„კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა. „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის მმართველობის პერიოდში არსებული უკანონობის შემდეგ, ეს რთული, ზოგჯერ მტკივნეული პროცესია, რომელიც გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. სხვა გზა არ არსებობს“, - დაწერა ტუსკმა X-ზე.

ამასთან, პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, დონალდ ტუსკის მთავრობა ძალის გამოყენებით საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცებაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო კონფლიქტი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. დაპირისპირება პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ მაშინდელ მთავრობასა და წინა საპარლამენტო უმრავლესობას შორის მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე წარმოიშვა.

კერძოდ, 2015 წლის ოქტომბერში, მაშინდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ ტირბუნალის 5 მოსამართლე აირჩია. ცოტა ხნის შემდეგ ხელისუფლებაში „კანონისა და სამართლიანობის“ პარტია მოვიდა, რომელმაც დანიშვნები გააუქმა და ახალი კანდიდატები აირჩია. პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ოთხი ახალი მოსამართლე დანიშნა, რასაც ხანგრძლივი ინსტიტუციური კრიზისი მოჰყვა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 2023 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კანონის უზენაესობის აღდგენისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების პირობა დადო.

კრიზისი მიმდინარე წლის დასაწყისში გამწვავდა, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პარლამენტის მიერ წარდგენილი ექვსი მოსამართლიდან სამის დანიშვნაზე უარი თქვა, ხოლო ტრიბუნალის თავმჯდომარე შვეჩკოვსკიმ განაცხადა, რომ მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეულ მოსამართლეებს უფლებამოსილებას არ მიანიჭებდა.