პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების ალტერნატივა პოლონეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაქმნა იყო.
„გუშინ ღამით ვარშავაში, საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენები დახვეწილობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ალტერნატივა პოლონეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად არაკონსტიტუციური გარდაქმნის დაშვება იყო“, - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.
სიკორსკის თქმით, „პოლონეთს კვლავ პარლამენტის მიერ არჩეული კოალიციური მთავრობა მართავს“.
შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან ერთმანეთს სამართალდამცავები და დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის ვებგვერდზე მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკას ბრძანება გამოქვეყნდა, რომლითაც ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ბოგდან შვეჩკოვსკისა და მის მოადგილეს, ბარტოშ შოჩანსკის უფლებამოსილება შეუჩერდათ.
მოგვიანებით, პლატფორმა X-ზე საკონსტიტუციო ტრიბუნალის გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომ ტრიბუნალის ვებგვერდი მიიტაცეს, ხოლო თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი მოვალეობის შესრულებას განაგრძობდა.
პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მთავრობა ძალის გამოყენებით საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცებაში დაადანაშაულა.
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მოგვიანებით, ვითარება კვლავ დაიძაბა მას შემდეგ, როდესაც ადგილზე პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი მივიდა და შენობაში შესვლა სცადა.