ცხოველთა უფლებადამცველებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, დამნაშავეების დასჯასა და ცოფის საწინააღმდეგო საყოველთაო აცრების დაწყებას ითხოვენ. გავრცელებული კადრების შემდეგ, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო. აქციის მონაწილეებს ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვთ. შეკრებილები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და ყველა დამნაშავე არ დაისჯება. შემდეგი საპროტესტო აქცია კვირას გაიმართება.