ჩინური ავტომობილების იმპორტის მორიგი რეკორდი - წელს 9 თვეში, ჩინეთიდან საქართველოში 7 443 ერთეული ავტომობილი შემოვიდა - Palitra News

ჩინური ავტომობილების იმპორტის მორიგი რეკორდი - წელს 9 თვეში, ჩინეთიდან საქართველოში 7 443 ერთეული ავტომობილი შემოვიდა

2026-11-03 13:46:04+04:00

ჩინური ავტომობილების იმპორტის მორიგი რეკორდი - წელს 9 თვეში, ჩინეთიდან საქართველოში 7 443 ერთეული ავტომობილი შემოვიდა, რომელთა ღირებულებამ 71 მლნ დოლარს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი, გარდა იმისა, რომ წლის ჭრილში რაოდენობრივად გაზრდილია 65%-ით, ხოლო ღირებულებით 75.9%-ით, გასული წლების აბსოლუტური რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება მთლიანობაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტს, საანგარიშო პერიოდში, წლიურად შემცირებულია როგორც ღირებულებით ნაწილში 13.3%-ით, ასევე რაოდენობრივად 12%-ით შემცირდა. შესაბამისად, შემცირებულია საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტიც, როგორც ღირებულებით, ისე რაოდენობრივად, დაახლოებით 24%-ით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 2 მილიარდ 652 მილიონი დოლარის ღირებულების 161 815 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა 3 მლრდ დოლარს გადააჭარბდა და 183 952 ერთეული შეადგინა. ამასთან, ამ წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან 1 მილიარდ 529 მილიონი დოლარის ღირებულების 63 141 ავტომობილი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეექსპორტის მოცულობა 2 მილიარდ დოლარს აჭარბებდა და 82 529 ერთეული ავტომობილი შეადგინა.