ნიკა გვარამია - დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორ ვუყურებთ მიმდინარე პროცესს და რას გამოიწვევს პარტიების აკრძალვა - Palitra News

ნიკა გვარამია - დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორ ვუყურებთ მიმდინარე პროცესს და რას გამოიწვევს პარტიების აკრძალვა

2026-11-03 17:00:10+04:00

დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორ ვუყურებთ მიმდინარე პროცესს და რას გამოიწვევს პარტიების აკრძალვა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პირობებში ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია, ხოლო ევროკავშირთან ურთიერთობების შენარჩუნების და დაახლოების შანსი ნულამდე მცირდება.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი დანიშნულება იყო ის, რომ ინფორმაცია მოკლედ, მთავარი აქცენტების მეშვეობით მიგვეწოდებინა დიპლომატიური კორპუსისთვის, თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორ ვუყურებთ ჩვენ მიმდინარე პროცესს და ჩვენი აზრით რას გამოიწვევს პარტიების აკრძალვა. ეს პოზიციები გავცვალეთ.

არჩევნების გაუქმებაა, როდესაც ყველა მეინსტრიმული ოპოზიციური პარტია უქმდება. შეგახსენებთ, მხოლოდ ისინი კი არ უქმდებიან, ვისზეც ახლა სარჩელია შეტანილი, ის პარტიები, რომლებიც კოალიციაში იყვნენ, ჩათვალეთ, რომ ყველანი უქმდებიან. ლიდერები ინდივიდუალურად აიკრძალებიან, სხვა თუ არაფერი.

რანაირად შეიძლება ამ ვითარებაში საერთოდ რამეს ეწოდოს არჩევნები, ეს გამორიცხულია. საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ეს სრულიად გასაგებია და ნულოვანი შანსია იმისი, რომ რაც გაუქმების შემდეგ მოხდება, ოდესმე რაიმე ფორმატში არჩევნები დაერქვას. ჩვენ მოვითხოვთ მინიმალურად სამართლიან არჩევნებს მაინც, გამოქვეყნებული გვაქვს ექვსი მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროცესი, რომელსაც არჩევნები კი არ ჰქვია, არამედ შინაარსობრივად არის არჩევნები.

შანსი, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და უფრო მეტიც, ძალიან არ დაშორდეს მას, ამ გადაწყვეტილების შემდეგ იქნება ნულოვანი. სარჩელის პირობებშიც კი ძალიან გამწვავდა დამოკიდებულება, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირთან დაახლოების შანსი იქნება ნულოვანი“, - განაცხადა გვარამიამ.