„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ალიანსის მუშაობაში არ იღებენ მონაწილეობას ძალიან დიდი ხანია, თვეების წინაც იყო რაღაც პერიოდი, როდესაც საჯაროდ აფიქსირებდნენ პოზიციას, რომ ალიანსის წევრები იყვნენ, თუმცა არცერთ სამუშაო შეხვედრას, რომელიც ალიანსში იმართებოდა, მათი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, ამიტომ კარგია, რომ ახლა საჯაროდ ითქვა ის, რაც დე ფაქტო რეალობა იყო,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ დააზიანებს ეს ოპოზიციური ერთობას, ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ არანაირი ოპოზიციური ერთობა არ არსებობს, არსებობს ალიანსი, რომელიც ახლა ყველაზე მეტი პოლიტიკური ჯგუფია გაერთიანებული.
„არ არსებობს ოპოზიციური ერთობა, არსებობს ალიანსი, სადაც არის ახლა ყველაზე მეტი პოლიტიკური ჯგუფი გაერთიანებული. პლუს, ალიანსი თანამშრომლობს როგორც სამოქალაქო ჯგუფებთან, ისე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან. მაგალითად, დღესაც აქ ნახეთ, რომ იყვნენ „ჯერ საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები, მაგრამ რაღაც ტიპის საკითხები არის, სადაც შეგვიძლია ერთად რაღაცები ვაკეთოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავიზარდოთ და უფრო დიდი კონსოლიდაცია მოხდეს ძალების, იმიტომ, რომ გვესმის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვიღაცები ამას ასე არ უყურებენ და ეს მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც სხვანაირად ხედავენ ამ რეალობას“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქამდე ვერ ჩატარდება, ვიდრე „რეჟიმი უკან არ დაიხევს“.
„მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რეჟიმი ან ჩამოიშლება ან იძულებული იქნება უკან დაიხიოს და მაგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ბევრი გაბრაზებული ადამიანის მობილიზებით ქუჩებში, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.
როგორ წარმოგიდგენიათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, როდესაც პარტიები არიან აკრძალულნი და ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში რამე გაუპროტესტებია, რამეზე ხმა ამოუღია, აკრძალული აქვს პოლიტიკური საქმიანობა“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.