ცხოველის მიმართ სისასტიკე ადამიანის გულზე მეტყველებს, სახელმწიფოს შემთხვევაში კი - მისი ინსტიტუტების ხასიათზეც, - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და უკან არდაბრუნების პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
“„ნოდარ მელაძის შაბათის“ 31 ოქტომბრის სიუჟეტში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ იჭერენ, კლავენ და სპეციალურ სამარხებში მარხავენ, ხელისუფლების მითითებით, მიუსაფარ ძაღლებს.
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და უკან არდაბრუნების პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ევთანაზიის ჩარჩოებში ვერაფრით ჯდება ჯანმრთელი, არააგრესიული, ვაქცინირებული ძაღლების კვლა.
ხელისუფლების პოლიტიკა მიუსაფარი ცხოველების მიმართ არა მხოლოდ არაჰუმანური და უკანონო, არამედ არაეფექტიანიც არის. არაჰუმანური მეთოდის გამოყენება ვერ აგვარებს ჰიპერპოპულაციის საკითხს, რადგან ტერიტორიაზე კვლავ გამოჩნდებიან ადამიანებისგან მიტოვებული ახალი ცხოველები. პრობლემის სისტემური გადაწყვეტა პატრონიანი ცხოველების გამრავლების კონტროლს, სტერილიზაციის პროგრამების გაფართოებასა და პრევენციას მოითხოვს და არა მიუსაფარი ძაღლების განადგურებას.
„ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტში გახმოვანებული ინფორმაცია და მტკიცებულებები აუცილებელს ხდის სწრაფი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას, თავშესაფრებში ყოველი ცხოველის მიღების, მკურნალობისა და გაშვების ჩანაწერების გასაჯაროებასა და თავშესაფრების დამოუკიდებელ ინსპექტირებას.
კანტი გვახსენებს, რომ ცხოველის მიმართ სისასტიკე ადამიანის გულზე მეტყველებს, სახელმწიფოს შემთხვევაში კი - მისი ინსტიტუტების ხასიათზეც: რამდენად ემორჩილება სახელმწიფო საკუთარ კანონებს, რამდენად გამჭვირვალეა მის მიერ განხორციელებული ზომები და როგორ ეპყრობა ის მათ, ვისაც ხმის ამოღება არ შეუძლია”,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განცხადებაში.