ძალიან მაოცებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მიმართ აგდებული დამოკიდებულება. დღეს ისე აგდებულად მოიხსენიეს პოლონეთი... გერმანიას შეაჩვიეს ენა, საფრანგეთს შეაჩვიეს ენა, მაგრამ პოლონეთი, რომელიც ამ კომუნისტური ბანაკის წევრი იყო, დღეს არის ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ლორთქიფანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკას გამოეხმაურა.
ლორთქიფანიძემ ევროკომისიის ანგარიშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ობიექტური ანგარიში, რომელიც ასახავს, თუ როგორ ჩამორჩება საქართველო დემოკრატიის სტანდარტებს.
„ამ ორ დღეს ახალი არაფერი გამოუმჟღავნებია, რაც ვიცოდით, კიდევ ერთხელ დადასტურდა - საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ევროკავშირთან ურთიერთობა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ იყოს იზოლირებული ევროკავშირისგან, საქართველოს ხელისუფლება ეძებს მიზეზს, რომ თავს დაესხას როგორც პიროვნულად, ასევე, ინსტიტუციურად ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებს. ასევე, რაც დავინახეთ, ეს არის უსუსური მცდელობა „ქართული ოცნებისა“, რომ ტოლობის ნიშანი დასვას ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას შორის. „ქართული ოცნება“ სხვაა და ქართველი ხალხი სხვა არის. მათ შორის დიდი მიჯნა არსებობს. ასე რომ, როდესაც ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს, აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას, „ქართულ ოცნებას“ და არა ქართველ ხალხს.
ევროკავშირი რასაც ამბობს, იმას ვამბობთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები. ამ ანგარიშში წერია, რომ ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სტანდარტები გაუარესდა, არ გაუარესდა? პარტიებს არ კრძალავენ? კანონი ჩვენზე სხვანაირად რომ ვრცელდება და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე სხვანაირად ვრცელდება, ამას ვერ ხედავთ? ან საქართველოში თავისუფალი არჩევნები რომ არ ჩატარებულა, ეს არ იცით? საჯარო მოხელეებს მივმართავ, თქვენზე არ იყო ზეწოლა? არ მოგიწოდეს საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულებს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მიგეცათ ხმა? არ გამოგიყვანეს „ქართული ოცნების“ მიტინგზე? რა არის ამაში ტყუილი? სასამართლო რომ არის უვარგისი და ძველი კადრებით დაკომპლექტებული, წინა რეჟიმის მსახური მოსამართლეები დღეს ახალ რეჟიმს რომ ემსახურებიან ძირითადად, ეს ტყუილია?
ანგარიშში წერია, რომ სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიების ქვეშაა, არ არის? არ დახურეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია? კორუფცია არ არის ქვეყანაში? გამოხატვის თავისუფლებას არ აქვს საფრთხე შექმნილი ჩვენს საზოგადოებაში? ხალხი „ფეისბუქზე“ რას დაწერს, ასჯერ ფიქრობს, რომ მერე შალვა პაპუაშვილმა არ დააჭერინოს ის ადამიანი. მედია არ არის პოლარიზებული ამ ქვეყანაში? ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ვიზიარებთ და მის გზაზე ვდგავართ? ეს არის ობიექტური ანგარიში და მასში აფასებენ იმას, თუ როგორ ჩამორჩა საქართველო დემოკრატიის სტანდარტებს და როგორ მიდის ავტორიტარიზმის გზაზე.
ძალიან მაოცებს აგდებული დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მიმართ. დღეს ისე აგდებულად მოიხსენიეს პოლონეთი... გერმანიას შეაჩვიეს ენა, საფრანგეთს შეაჩვიეს ენა, მაგრამ პოლონეთი, რომელიც ამ კომუნისტური ბანაკის წევრი იყო, დღეს არის ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მსოფლიოს ოც ქვეყანას შორის შედის, რომელსაც ტრილიონიანი ეკონომიკა აქვს, ყველაფერს აწარმოებს ქვეყანაში და ეს ხალხი [ხელისუფლება] , რომელსაც აქ ლობიო ვერ მოუყვანია, კარტოფილი ვერ დაუთესია და უზბეკეთიდან შემოაქვთ ლობიო, ეს ხალხი დასცინის პოლონეთს.
ასე რომ, კიდევ ერთხელ გამოვიბერტყოთ ყურები და ფართოდ გავახილოთ თვალები. დავინახოთ ევროკავშირის უამრავი ნაკლიც, მაგრამ დავინახოთ ის ჩამორჩენა, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის როგორც დემოკრატიის, ისე ეკონომიკურ სტანდარტებთან, ნუ მივცემთ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას გზას“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.