ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ უკან და რაც გვაქვს, შეიძლება, ისიც დასაცავი გახდეს , - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი, ლევან სანიკიძე ევროკავშირის გაფართოების პაკეტის წარდგენას და საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშს.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას სერიოზული გამოწვევა შეიძლება შეექმნას.
სანიკიძე ევროკომისიის ბოლო ანგარიშს წინასთან შედარებით ბევრად მკაცრს უწოდებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის „უზნეო ქმედებებმა“ ქვეყანა უკან დახია, რის გამოც დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებზე უკვე ქართველი ხალხის მონაპოვარის - ვიზალიბერალიზაციის დაცვაც ხდება საჭირო.
ოპოზიციონერი დასძენს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ფონზე, ოპოზიცია პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს, რათა ხელისუფლების ქმედებების გამო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა თავად ქართველ ხალხს არ შეეზღუდოს.
„ეს ანგარიში წინა ანგარიშთან შედარებით ბევრად უფრო მკაცრია. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ პოლიტიკური და მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით დამატებით კიდევ არაერთი უზნეო ქმედება ჩაიდინა. ამ ვითარებაში ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის სრულად გაყინული. სამწუხაროდ, ჩვენ საუბარი გვექნება არა იმაზე, რომ წინსვლა ხდება, არამედ ის, რომ ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ უკან და რაც გვაქვს, შეიძლება ისიც დასაცავი გახდეს. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება შეიქმნას ისევე, როგორც სერიოზული გამოწვევა შეიძლება შეექმნას უვიზო მიმოსვლას. ნებისმიერ შეხვედრაზე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ვაფიქსირებთ, რომ ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ტერიტორიაზე, ეს არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც იცავდა დემოკრატიას“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ლევან სანიკიძის შეფასებით, ევროპაში ავტორიტარული გადახრების მქონე ლიდერების დემონტაჟი მიდის, ხოლო საქართველო ამ ტენდენციას ასცდა.
სანიკიძის თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ავტორიტარიზმის მშენებლობა და ქვეყნის ბედით თამაში ზიანს აყენებს არა მხოლოდ პროდასავლურ ოპოზიციას, არამედ მთლიანად ქართულ სახელმწიფოსა და თავად „ოცნების“ ამომრჩეველსაც კი.
„ერთი რამ უნდა გვესმოდეს კარგად, ამ პროცესით ამ ქვეყანაში არ დაზიანდება მხოლოდ ჯანსაღი პოლიტიკური არჩევანის მქონე ამომრჩეველი, რომელსაც პროდასავლურ ამომრჩეველს უწოდებენ. არიან პოლიტიკური თვალსაზრისით არაჯანსაღი ძალის, „ქართული ოცნების“ მიმდევრები და მათაც შეუქმნის პრობლემას. ამ ქვეყნის ბედით თამაში, რასაც ივანიშვილი ეწევა, მთლიანად ამ ქვეყანას ხევს უკან, აქაა მთელი უბედურება, რომ „ქართული ოცნება“ ცდება იმ ზღვარს, რომლითაც ზიანს მიიღებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და რამდენიმე მისი ლიდერი. ზიანს იღებს მთლიანად ქართული სახელმწიფო, რეპუტაციის თვალსაზრისით უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ავცდით იმ ტენდენციას, რომელიც არის ევროკავშირში და ზოგადად ევროპის კონტინენტზე. ავტორიტარული გადახრების მქონე ლიდერების დემონტაჟი მიდის, ორბანით დაწყებული, ვუჩიჩით დამთავრებული. ამ დროს ჩვენთან სწრაფი ტემპით ასხამს საძირკველს ავტორიტარიზმში ბატონი ივანიშვილი. ციკლს, რომელიც ევროპაშია, რასაც ჰქვია პრორუსული, ავტორიტარული რეჟიმების ჩამოშლა, საქართველო ასცდა“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
გარდა ევროკომისიის ანგარიშისა და „ქართული ოცნების“ მმართველობის კრიტიკისა, ლევან სანიკიძემ გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ოპოზიციის ალიანსის დატოვებაზეც ისაუბრა.
სანიკიძე მიიჩნევს, რომ თემის აქტუალიზაცია არასწორ დროს მოხდა. კერძოდ, ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს და ამით ქვეყანაში არჩევნების იდეას ოფიციალურად აქრობს, ამ ფონზე კი ოპოზიციაში არსებული „შეჯიბრება“ კონტრპროდუქტიულია, რადგან ხელისუფლების ცვლილება გარკვეული ერთიანობის გარეშე შეუძლებელია.
„ამ თემის განხილვაში მაქსიმალურად ვეცდები არ შევიდე. ეს გაუგონარი შეჯიბრება კონტრპროდუქტიულია. მე არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება გარკვეული ერთობის გარეშე, ეს არის ტყუილი. ვინც ამას ამბობს, ან ვარდისფერი სათვალით უყურებს სამყაროს, ან არაკეთილსინდისიერია და სინამდვილეში მასაც ესმის, რომ ერთიანობის გარეშე შეუძლებელია ხელისუფლების ცვლილება. მგონია, რომ ძალიან არასწორ დროს მოხდა ამის აქტუალიზაცია. მით უმეტეს, იმ პერიოდში, როდესაც ივანიშვილს დასახვრეტად ჰყავს გაყვანილი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიები, იურიდიული რეგისტრაციის თვალსაზრისით ვგულისხმობ. არავინ თქვას, რომ ეს პრობლემა არ არის, ეს არის ტყუილი. ამ ქვეყანაში არჩევნების იდეა ისედაც ფაქტობრივად მკვდარი იყო და ამის შემდეგ ოფიციალურად გასვენება იქნება არჩევნების იდეის. ვიღამ უნდა იყაროს კენჭი, მთელი ოპოზიცია იკრძალება? ხუთივე თუ აკრძალეს, დანარჩენებიც აკრძალული იქნებიან 14 დღის ვადაში. ივანიშვილი ოფიციალურად აქრობს ამ ქვეყანაში არჩევნების იდეას“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.