უნდა ველოდოთ [საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკის] მხოლოდ გაუარესებას - „დემოკრატები“ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თავის ტკივილია „ქართული ოცნებისთვის“ , - ასე უპასუხა ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარ კახა გოგოლაშვილმა შეკითხვას, როგორი შეიძლება იყოს აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, შუალედური არჩევნებში „დემოკრატების“ გამარჯვების შემდეგ და უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებას“ თუ აქამდე იმედი ჰქონდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაპირისპირებულია ევროპასთან და ამას გამოიყენებდნენ, „დემოკრატები“ ბევრად უკეთეს დამოკიდებულებაში არიან ევროპელებთან.
„ჩვენ ვიცით კარგად, რომ „რესპუბლიკელებთან“ დალაგების რაღაც შანსი კიდევ ჰქონდათ, კონკრეტულად MAGA-სთან, „რესპუბლიკელების“ ისეთ ნაწილთან, რომელთაც რუსეთთან ტრანზაქციული იდეები აწუხებთ. „დემოკრატები“ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თავის ტკივილია. „დემოკრატებისთვის“ მთავარი ლოზუნგია ღირებულებები, დემოკრატიის მხარდაჭერა და ა.შ. ამ კონტექსტში კარგად ვიცით, რომ დემოკრატებისგან ბევრად დიდი კრიტიკა მოდიოდა საქართველოს მიმართ, პლუს ტრადიციულად და ახლა მით უმეტეს არიან ბევრად უკეთეს დამოკიდებულებაში ევროპელებთან. ისინი არ იმოქმედებენ ევროპის საწინააღმდეგოდ. თუ იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაპირისპირებულია ევროკავშირთან და მის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და ამას გამოიყენებდნენ, ახლა უკვე ეს ვეღარ მოხდება იმიტომ, რომ ადმინისტრაციას ძალა აღარ აქვს. ფაქტობრივად ზეწოლის შესაძლებლობა ეძლევათ დემოკრატებს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება ევროპასთან უერთიერთობებსა და ევროკავშირის გაფართოების ბოლო პაკეტს, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. გოგოლაშვილი აცხადებს, რომ 35 წელია, რაც ევროკომისია ანგარიშებს აკეთბს და აქამდე არ დასმულა კითხვა, რამდენად სანდოა მისი ანგარიშები.
გოგოლაშვილის თქმით, აბსოლუტურად ნონსენსია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „ჩვენ არ მივიღებთ შენიშვნებს და მივიღებთ მარტო იმას, რაც ჩვენ მოგვეწონება“.
„ევროკომისიის ანგარიში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეს ტრადიცია ჩამოყალიბდა 1993 წლიდან, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შემოტანიდან, დიდი გაფართოების შემდგომი მოვლენაა. 35 წელია, რაც ევროკომისია ამ ანგარიშს აკეთებს, ჯერჯერობით არ დასმულა კითხვა არავის მხრიდან, სანდოა თუ არა ევროკომისიის ანგარიში.
ევროკავშირს ხომ შეეძლო უბრალოდ ეთქვა, რომ მოდი, ასეთი მეთოდით გავფართოვდები ქვეყანას დავუსვამ პირობებს, შეასრულებს, ამ პირობებს შევამოწმებ და ვიტყვი, ღირსია თუ არა გაფართოების, მაგრამ ევროკავშირს ბევრად უფრო დემოკრატიული მიდგომა აქვს, ამბობენ, რომ მე გავყოფ ამ პირობებს 35 თავად, ყველა თავი ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანია და ვაწარმოებ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ ქვეყანასთან ერთად განვიხილო ჩემი შეფასებები, მოვისმინო იმის აზრი, რამდენად უახლოვდება ჩემს კანონმდებლობას მისი კანონმდებლობა, ჩემს ინსტიტუციური სისტემას მისი მიდგომები, ჩემს პოლიტიკას, ჩემს ღირებულებით შეხედულებებს და ა.შ. ეს არის წმინდა დემოკრატიული, მაგრამ ამავე დროს კარგად გაწერილი, ხისტი პროცესი, რომელიც არ შეიძლება შენი მონდომებით შეცვალო.
აბსოლუტურად ნონსენსია, რაც ჩვენ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან მოვისმინეთ, რომ „ჩვენ არ მივიღებთ შენიშვნებს და მივიღებთ მარტო იმას, რაც ჩვენ მოგვეწონებაო“ - ეს პირდაპირ თქვა ინტერვიუში. არ მიიღებ და ნუ მიიღებ, უბრალოდ ვერ გაწევრიანდები ევროკავშირში. თავიდანვე, როცა იწყებდი ევროკავშირში გაწევრიანებას, ხომ იცოდი, რომ არსებობს კოპენჰაგენის კრიტერიუმები, არსებობს უამრავი ქვეყნების გამოცდილება, წაგეკითხა, რა ტიპის მოთხოვნები აქვს ევროკავშირს გასაწევრიანებელ ქვეყანასთან. ეს ყველამ იცის, ღიაა, ქვეყნდება საიტზე“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.