ევროკომისიის კრიტიკულ ანგარიშს მმართველი გუნდი და ოპოზიცია ურთიერთსაპირისპირო შეფასებებით ეხმაურებიან. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, ქვეყანა კი კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს. ხელისუფლება ანგარიშში მოყვანილ შეფასებებს სიცრუესა და უსაფუძვლო ბრალდებებს უწოდებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უპირისპირდება, რაც, მისივე შეფასებით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს და ევროკომისიის ანგარიშში ასახული კრიტიკული შეფასებები სწორედ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. მათი თქმით, მმართველმა გუნდმა ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას დააშორა.