ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი კახეთის რეგიონში ტყის აღდგენის პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. სააგენტოს ინიციატივით, წნორისა და ჭიაურის სატყეო უბნებზე, ჭალის ტყეში, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები 727 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, კომპლექსურ ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე ჯამში 31 050 მუხისა და იფანის ნერგი დაირგვება. ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ზრდის დეგრადირებული ტყეების აღდგენის ღონისძიებების მასშტაბებს. დაგეგმილია, რომ აღდგენილი ტყის ფართობი ყოველწლიურად, სულ მცირე, 2 600 ჰექტარით გაიზარდოს. ათწლიანი სტრატეგიის შესაბამისად კი, ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.