თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილები. პარალელურად, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი სკოლაში იმყოფება, სადაც ის სკოლის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრას.
მშობლები ითხოვენ, რომ ბავშვებმა სწავლა პირველ ცვლაში გააგრძელონ.
„ჩვენი აქ შეკრების მიზანი არის ერთადერთი, ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა პირველ ცვლაში გააგრძელონ სწავლა სრული დატვირთვით, როგორც აქამდე იყო. ეს ამ შენობაში იქნება თუ სხვაგან, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია უსაფრთხო გარემო იყოს და პირველი ცვლა იყო. როგორც გვითხრეს, სამინისტროდან არის წარმომადგენელი. დეტალები ჯერ არ ვიცით, რომ გამოვლენ გაგვიხარდება თუ კარგს გვეტყვიან“,- აღნიშნა მშობელმა „ტვ პირველთან“.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.
განათლების სამინისტროში არ აკონკრეტებენ, იგეგმება თუ არა ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42 საჯარო სკოლის დემონტაჟი. „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, რომ ჯერ დადასტურებულად ცნობილი არაა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ არის თუ არა აუცილებელი მოსწავლეების სკოლიდან გაყვანა.