ნათება - სტენლი კუბრიკის ფსიქოლოგიური ტერორი
Stand up1:- 1980 წელს სტენლი კუბრიკმა გადაიღო ფილმი, რომელმაც საშინელებათა ჟანრის საზღვრები შეცვალა და კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ნაწარმოები შექმნა. „ნათება“ — ფილმი, რომელიც მხოლოდ არ გაშინებს, არამედ გაიძულებს, საკუთარ შიშებსაც შეხედო. ჯეკ ნიკოლსონის დაუვიწყარი შესრულება, სიმბოლოებით დატვირთული კადრები და მუსიკა ქმნის სამყაროს, სადაც რეალობასა და წარმოსახვას შორის ზღვარი თანდათან ქრება. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფილმის დასრულების შემდეგაც კი მაყურებელი უამრავ კითხვასთან მარტო რჩება. დღეს ვისაუბრებ სტენლი კუბრიკის „ნათებაზე“ — ფილმზე, რომლის საიდუმლოებებიც ათწლეულების შემდეგაც არ კარგავს ძალას.
***
სტენლი კუბრიკი ცნობილი იყო თავისი თითქმის მანიაკალური პერფექციონიზმით. მისთვის არ არსებობდა ცნება „უბრალო კადრი“ ან „შემთხვევითი დეტალი“. ფილმის „ნათება“ გადაღებები ლონდონში, Elstree Studios-ის პავილიონებში, 1978 წლის გაზაფხულზე დაიწყო. დაგეგმილი 6 თვის სანაცვლოდ, პროცესი წელიწადნახევარს, 500 დღეზე მეტხანს გაგრძელდა.
კუბრიკს სურდა, მაყურებელს ეკრანიდან ეგრძნო არა უბრალოდ ჰოლივუდური შიში, არამედ იზოლაციის, ისტერიკისა და ჭკუიდან გადასვლის რეალური, ფიზიკური განცდა. ამის მისაღწევად კი მან ყველაზე რადიკალურ, ტირანულ გზას მიმართა: გადასაღები მოედანი ნამდვილ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტად აქცია.
კუბრიკის ტერორის მთავარი და ყველაზე უმწეო მსხვერპლი 28 წლის მსახიობი შელი დუვალი გახდა, რომელიც მთავარი გმირის ცოლის, ვენდი ტორენსის როლს ასრულებდა. კუბრიკმა ჩათვალა, რომ დუვალს ხელოვნურად კი არ უნდა ეთამაშა შიში, არამედ რეალურად, ყოველწამიერად ყოფილიყო გადარჩენის ინსტინქტზე მომუშავე, განადგურებული ქალი.
რეჟისორმა გადამღებ ჯგუფს ,ოპერატორებიდან დაწყებული, დამლაგებლებით დამთავრებული , მკაცრად აუკრძალა შელი დუვალთან თანაგრძნობის გამოხატვა, მისი შექება, ნუგეშისცემა ან თუნდაც თბილად საუბარი. კუბრიკი მას გამუდმებით უყვიროდა, მიკროფონში საჯაროდ ამცირებდა, აიძულებდა ერთი და იგივე უმნიშვნელო ეპიზოდი 50-60-ჯერ გაემეორებინა და ყოველდღე ეუბნებოდა, რომ ის უნიჭო იყო და მთელი გადამღები ჯგუფის ძვირფას დროს ფლანგავდა.
კინოს ისტორიაში შევიდა ცნობილი სცენა კიბეზე, სადაც ვენდი ბეისბოლის კომბლით ხელში, ტირილითა და კანკალით იცავს თავს ჯეკისგან. გინესის რეკორდების წიგნის მონაცემებით, კუბრიკმა ეს ეპიზოდი 127-ჯერ გადაიღო!
შელი დუვალი თვეების განმავლობაში, დღეში 12 საათს განუწყვეტელ ტირილსა და ყვირილში ატარებდა. ორგანიზმმა გაუტანელ წნეხს ვერ გაუძლო - ტირილისგან მსახიობს ქრონიკული დეჰიდრატაცია დაეწყო, თვალები დაუსივდა, ხელები დაუსკდა, ხოლო უზარმაზარი სტრესისგან თმა ბღუჯებად სცვიოდა. დუვალს გადასაღებ მოედანზე სპეციალური ექიმების ჯგუფი პერიოდულად წყალს ასმევდა, რათა ტირილისგან გული არ წასვლოდა.
მოგვიანებით შელი დუვალმა იხსენებდა: „მე კვირების განმავლობაში ყოველდღე 12 საათი ვტიროდი. ეს იყო აუტანელი, ჯოჯოხეთური ტანჯვა. კუბრიკმა გამტეხა.“
Stand up2:- შელი დუვალი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც კუბრიკის მარწუხებში მოექცა.
ჯეკ ნიკოლსონს, რომელსაც იმ დროისთვის უკვე მოპოვებული ჰქონდა „ოსკარი“ და ჰოლივუდის უპირობო ვარსკვლავის სტატუსით სარგებლობდა, კუბრიკმა სრულიად განსხვავებული, ფსიქოლოგიურად გათვლილი ტაქტიკა დაახვედრა. რეჟისორმა ზუსტად იცოდა, რომ ნიკოლსონი გენიალური მსახიობი იყო, თუმცა მისი ბუნებრივი ქარიზმის ნამდვილ, ფეთქებად სიგიჟედ ქცევას განსაკუთრებული მეთოდები სჭირდებოდა. კუბრიკის მკაცრმა სამუშაო მეთოდმა და ნიკოლსონის სამსახიობო ენერგიამ ერთად შექმნა ეკრანული შედეგი, რომელიც ფილმის გამოსვლიდან ათწლეულების შემდეგაც განიხილება და იკვლევა.
***
იმისთვის, რომ ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟს - ჯეკ ტორენსს მუდმივი შინაგანი გაღიზიანება, აგრესია და შფოთვა დასტყობოდა, კუბრიკი მას გადასაღებ მოედანზე კვირების განმავლობაში მხოლოდ ერთი და იგივე საკვებით კვებავდა - ყველით გატენილი სენდვიჩებით, რომლებიც ნიკოლსონს გულწრფელად ეზიზღებოდა. რეჟისორს სურდა, მსახიობს ფიზიკური მდგომარეობაც ეკრანზე გადაეტანა.
გარდა ამისა, ნიკოლსონმა ფილმში შეიტანა იმპროვიზაციები, რომლებიც მსოფლიო კინოს ოქროს ფონდში შევიდა.
საკულტო, შოკისმომგვრელ სცენაში, სადაც ჯეკი ნაჯახით ამსხვრევს სააბაზანოს კარს და გაბზარულ ხვრელში თავის შეშლილ სახეს ყოფს, ფრაზა - „Here’s Johnny!“ („აი, ჯონიც!“) - სცენარში საერთოდ არ ეწერა. ნიკოლსონმა ის ამერიკული სატელევიზიო შოუს (The Tonight Show Starring Johnny Carson) ცნობილი, კომიკური მისალმებიდან მოიფიქრა.
კუბრიკმა, რომელიც წლები ინგლისში ჩაკეტილი ცხოვრობდა და ამ შოუს არ უყურებდა, თავიდან ვერ გაიგო ჟესტი და სცენის ამოჭრაც კი მოინდომა, თუმცა ბოლოს დაიტოვა. ის კინოს ისტორიაში ყველაზე ციტირებად ფრაზად იქცა.
თავად კარების შემტვრევის სცენაც კუბრიკის პერფექციონიზმის მწვერვალი გახდა. რეკვიზიტორებმა თავიდან სპეციალური, ხის სუსტი, ფანერის კარი დააყენეს. თუმცა ნიკოლსონი, რომელიც ახალგაზრდობაში მოხალისე მეხანძრედ მუშაობდა, ნაჯახს ისე ოსტატურად ფლობდა, რომ სუსტი კარი პირველივე დარტყმაზე ნაფოტებად აქცია.
შედეგად, დეკორატორებს მოუწიათ ნამდვილი, სქელი, მუხის ხის კარების დაყენება. ნიკოლსონმა ეს სცენა 3 დღის განმავლობაში ითამაშა და 60-ზე მეტი ნამდვილი კარი დაამსხვრია, სანამ კუბრიკმა იდეალური კადრი არ მიიღო.
კიდევ ერთი მსახიობი, რომელმაც კუბრიკის ტირანია საკუთარ თავზე გამოცადა, 69 წლის ვეტერანი მსახიობი სკატმენ კროზერსი იყო, რომელიც ჰოლორანის (მზარეულის) როლს ასრულებდა.
სცენა, სადაც ჰოლორანი პატარა დენის „ნათების“ ფენომენს უხსნის, კუბრიკმა 148-ჯერ გადააღებინა! ხანდაზმული მსახიობი გადასაღებ მოედანზე ტიროდა და ეხვეწებოდა რეჟისორს: „სტენლი, რა გინდა ჩემგან? მითხარი, რა გავაკეთო და გავაკეთებ, ნუ მომკლავ!“ - მაგრამ კუბრიკი ცივად პასუხობდა: „ხელახლა. დუბლი 149.“
Stand up3:- ნათების“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ისტორია სტენლი კუბრიკისა და პატარა დენი ლოიდის ურთიერთობას უკავშირდება. ფილმში დენის როლის შემსრულებელი ექვსი წლის იყო და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ საშინელებათა ფილმში მონაწილეობდა. კუბრიკი შეგნებულად იცავდა პატარა მსახიობს ფილმის რეალური შინაარსისგან — დენის ეუბნებოდნენ, რომ ის დრამატულ ფილმში თამაშობდა. რეჟისორი ცდილობდა, ბავშვის რეაქციები ბუნებრივი ყოფილიყო და გადაღებების დროს ზედმეტი შიში არ გამოეწვია მისთვის. დენი ლოიდის შესრულება სწორედ ამ ბუნებრიობით გამოირჩევა. მისი მზერა, ბავშვური ცნობისმოყვარეობა და შიშის თანდათანობითი განცდა ფილმის დაძაბულ ატმოსფეროს კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის.
***
6 წლის დენი ლოიდს გულწრფელად სჯეროდა, რომ მას იღებდნენ ჩვეულებრივ, თბილ ოჯახურ დრამაში, რომელიც ზამთარში, მთებში მდებარე სასტუმროში ცხოვრებაზე მოგვითხრობდა.
კუბრიკი პირადად ადევნებდა თვალყურს, რომ ბავშვს არ დაენახა სისხლიანი სცენები, ნაჯახი ან ჯეკ ნიკოლსონის შეშლილი სახე. სცენებს, სადაც დენი ყვირის ან გარბის, ცალკე იღებოდა, ხოლო სისხლის ტბები და მოჩვენებები მონტაჟისას ჩასვეს. დენი ლოიდმა „ნათების“ სრული, ცენზურაგაუვლელი ვერსია პირველად მხოლოდ 17 წლის ასაკში ნახა და შოკირებული დარჩა, როდესაც გაიგო, როგორ ფილმში ითამაშა ბავშვობაში.
გადაღებების მიწურულს, 1979 წლის თებერვალში, როდესაც გადამღები ჯგუფის ნერვები ისედაც ზღვარზე იყო, Elstree Studios-ის უზარმაზარ პავილიონში ღამით ხანძარი გაჩნდა.
ხანძარმა პირწმინდად გაანადგურა სასტუმრო „Overlook“-ის ძვირადღირებული, უნიკალური დეკორაციები. ზარალმა 2 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო გადაღებები კიდევ რამდენიმე თვით შეჩერდა.
კინოს ისტორიაში შევიდა ცნობილი საარქივო ფოტო: დამწვარ, ფერფლად ქცეულ დეკორაციებთან დგას სტენლი კუბრიკი და ხარხარებს. ეს იყო ადამიანის სიცილი, რომელმაც ქაოსი, უბედურება და სიგიჟე თავის მთავარ შემოქმედებით მოკავშირედ აქცია.
Stand up4:ნათება 1980 წელს გამოვიდა მსოფლიო ეკრანებზე და ჯინოკრიტიკოსების კრიტიკა დაიმსახურა.ფილმი ნომინირებული იყო „ოქროს ჟოლოს“ ანტი-ჯილდოზე- ყველაზე ცუდი რეჟისურისად და ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის კატეგორიაში.დღეს „ნათება“ იმ ფილმების იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა მნიშვნელობაც დროთა განმავლობაში გაიზარდა — ნამუშევარს, რომელმაც თავდაპირველი კრიტიკის მიუხედავად, კინოს ისტორიაში საკუთარი ადგილი სამუდამოდ დაიმკვიდრა.
*****დრომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. დღეს „ნათება“ ითვლება მსოფლიო კინემატოგრაფის აბსოლუტურ მწვერვალად. ფილმად, სადაც ყოველი კადრის სიმეტრია, ფერების პალიტრა, ხალიჩის ორნამენტი და მუსიკალური აკორდი მაყურებლის არაცნობიერზე დამანგრევლად მოქმედებს.
კუბრიკმა მიაღწია თავის მიზანს - მან შექმნა ფილმი, რომელიც არ ბერდება და თაობებს სზარავს. თუმცა ამ გენიალური შედევრის მიღმა დგას შელი დუვალისა და გადამღები ჯგუფის უმძიმესი მსხვერპლი, რომელთაც კუბრიკის უკვდავების ფასი საკუთარი ჯანმრთელობისა და ფსიქიკის ფასად გადაიხადეს.
ეს იყო სტენლი კუბრიკის „ნათება“. უყურეთ კარგ კინოს და გახსოვდეთ - ნამდვილი ხელოვნება ზოგჯერ ყველაზე ბნელ ჯოჯოხეთში იბადება.