უცხოელი პარტნიორების დამსახურება არის, რომ ისინი ციხეში მოხვდნენ და საქართველოს სახელმწიფოს დამსახურებაა, რომ ისინი დღეს თავისუფლებაზე არიან, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულების საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, გათავისუფლებულები საკუთარი განცხადებებით მხოლოდ ყოფილი თანამებრძოლების მხრიდან მოსალოდნელი „ბულინგისგან“ თავის დაცვას ცდილობენ.
„ფაქტია ის, რომ მათ მოინანიეს. ფაქტია, რომ შეწყალება სახელმწიფოსგან ითხოვეს და ბუნებრივია ახლა, როდესაც გამოდიან, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად თავიდან აიცილონ ის „ბულინგი“, რომელსაც ის ადამიანები, მათი „თანამებრძოლები“ მათ მიმართ იყენებენ. მოგეხსენებათ, რომ ამ ძალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთმა ადამიანებმა საპატიმროები არ დატოვონ, რომ შემდგომში ევროკომისიის ასეთ მიკერძოებულ ანგარიშებში „თვითნებურად დაპატიმრებულთა“ ეს ტერმინი არსებობდეს.
უცხოელი პარტნიორების დამსახურება არის, რომ ისინი ციხეში მოხვდნენ და საქართველოს სახელმწიფოს დამსახურებაა, რომ სახელმწიფომ ისინი დღეს თავისუფლებაზე გამოუშვა. თუ გაიგებენ ამას, ზოგადად ცხოვრებაში გამოადგებათ და თავისი ქვეყნისათვის სამსახურში გამოადგებათ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.