დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც, ოვალურ კაბინეტს ეროვნულ ძეგლად აცხადებს და მომავალ პრეზიდენტებს იქ გარკვეული ცვლილებების განხორციელებას უკრძალავს - Palitra News

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც, ოვალურ კაბინეტს ეროვნულ ძეგლად აცხადებს და მომავალ პრეზიდენტებს იქ გარკვეული ცვლილებების განხორციელებას უკრძალავს

2026-11-06 16:50:58+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც, მისი თქმით, მომავალ პრეზიდენტებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გარკვეული ცვლილებების განხორციელების საშუალებას არ მისცემს.

აღნიშნული განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ სამუშაო კაბინეტს ეროვნულ ძეგლად აცხადებს.

„ჩვენ მას ეროვნულ ძეგლად ვაცხადებთ და სულელ ადამიანებს არ ექნებათ უფლება, შეეხონ, გაანადგურონ ან დაანგრიონ ის მხოლოდ იმისთვის, რომ მის ადგილას ოდნავ განსხვავებული ფორმის ნაგებობა ააშენონ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ამასთან, ეს განკარგულება მომავალ პრეზიდენტებს არ უკრძალავს, ცნობილი დარბაზის ინტერიერის დიზაინი შეცვალონ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგი „არ ზღუდავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, განაახლოს ძეგლის ინტერიერი, შეარჩიოს ავეჯი ან განახორციელოს ჩვეულებრივი საექსპლუატაციო და უსაფრთხოების მიზნით საჭირო ცვლილებები, რომლებიც არსებითად არ დააზიანებს ძეგლის ისტორიულ კონსტრუქციას ან არქიტექტურულ იერსახეს“.

ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტებს თეთრ სახლში გარკვეული ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება აქვთ, თუმცა მასშტაბური პროექტების განხორციელებას კონგრესის თანხმობა სჭირდება.

ამ განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე თვით ადრე ტრამპმა თეთრი სახლის აღმოსავლეთი ფლიგელი მთლიანად დაანგრია. პროექტს სამართლებრივი დავები მოჰყვა.