თენგო თევზაძე - ალბათ, კანონში შეიტანენ ცვლილებას და აკრძალულ პოლიტიკოსებს საჯარო პოლიტიკური განცხადებების გაკეთება აგვეკრძალება - სამწუხაროა, რომ არ ფასდება ბრძოლა, რომელიც გასწია წლების განმავლობაში ოპოზიციამ და პროტესტში მყოფმა საზოგადოებამ - Palitra News

თენგო თევზაძე - ალბათ, კანონში შეიტანენ ცვლილებას და აკრძალულ პოლიტიკოსებს საჯარო პოლიტიკური განცხადებების გაკეთება აგვეკრძალება - სამწუხაროა, რომ არ ფასდება ბრძოლა, რომელიც გასწია წლების განმავლობაში ოპოზიციამ და პროტესტში მყოფმა საზოგადოებამ

2026-11-06 22:03:51+04:00

სამწუხაროა, რომ არ ფასდება ის ბრძოლა, რომელიც გასწია ამ წლების განმავლობაში ოპოზიციამ და პროტესტში მყოფმა საზოგადოებამ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თენგო თევზაძის თქმით, ალბათ, კანონში შეიტანენ ცვლილებას და აკრძალულ პოლიტიკოსებს საჯარო პოლიტიკური განცხადებების გაკეთება აეკრძალებათ, თუმცა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ბრძოლას გააგრძელებს და ლიდერები არსად წასვლას არ აპირებენ“.

„მე შემიძლია ჩემი კოალიციის სახელით გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებთ. ოთხივე ლიდერი ციხეში იყო, 66 კაცი ვართ პოლიტსაბჭოში და ალბათ 95% ვართ დაჯარიმებული და ადმინისტრაციული პატიმრობით სხვადასხვა დროს. არსად წასვლას არ ვაპირებთ. რაც შეეხება თენგო თევზაძეს გააქრობს თუ არა, როგორც პოლიტიკოსსაც და ფიზიკურადაც, მე არ გამოვრიცხავ, შორს არ არიან ამისგან, რომ იცოდეთ. ადამიანებს დახვდნენ ქუჩაში და სცემეს - ზურა ჯაფარიძეს დახვდნენ, გია ჯაფარიძეს, ბორის ჩელე ყურუას, ნოდარ ჩაჩანიძეს. ბიძინა ივანიშვილს აქვს ფინანსური ძალა, მას აქვს პროპაგანდისტული ინსტრუმენტები. ის არის ერთპიროვნული მმართველი და მართავს ყველა ინსტიტუციას.

ალბათ, კანონში შეიტანენ ცვლილებას და აკრძალულ პოლიტიკოსებს საჯარო პოლიტიკური განცხადებების გაკეთება აგვეკრძალება. ამის შემდეგ ტელეფონსაც თუ ჩამომართმევენ, თუ აქაც მივალთ, კიდევ არსებობს სხვა მეთოდები, რომელსაც გამოვიყენებთ. არსებობს უშუალოდ პირადად ხალხთან შეხვედრა. იმის გამო, რომ მოქალაქეს ჩამოართვი ხელი და გააცანი საკუთარი თავი და საკუთარი ხედვა, ამის გამო თუ ციხეში ჩაჯდები, ეს უკვე დისიდენტური მოძრაობაა და ეს ამ ქვეყანას უკვე სამჯერ აქვს გავლილი“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.