სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს.
„ინტერპრესნიუსთან“საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული.
რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, უწყების განმარტებით, პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, თუმცა „ეს არის წახალისების ერთ-ერთი ფორმა და არა დირექტორის ვალდებულება“.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამ ფორმით დანიშნული პაემნითაც ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ უსარგებლია, ამიტომ „დაცვის მხარის განცხადებები რაიმე სახის შეზღუდვაზე სრულიად უსაფუძვლოა“.
უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხზე განმარტების გაკეთება რამდენიმე თვის წინაც მოუწიათ, როდესაც მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ დანიშნული პაემანი გაუქმდა. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მაშინაც და ახლაც, მსჯავრდებულისთვის დამატებითი პაემანი არ ყოფილა ჩანიშნული, შესაბამისად, მისი გაუქმებაც ვერ მოხდებოდა.