მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა , - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.