თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილები.
მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილი სკოლის ადმინისტრაციასთან შეხვედრას მართავს.
ერთ-ერთი მშობლის თქმით, განათლების სამინისტრო ეძებს ალტერნატიულ ფართს, თუმცა პროცესი იწელება და ჯერ კიდევ უცნობია სწავლის განახლების ფორმა და თარიღი.
მათი ერთადერთი მოთხოვნაა ისეთი ფართის გამოყოფა, სადაც მოსწავლეები ღირსეულ გარემოში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას.
„გვეუბნებიან, რომ სკოლა არის ნგრევის პირას, მასში სწავლის გაგრძელება რისკის შემცველია და ამის გამო შენობა სასწრაფოდ უნდა დაიცალოს. ვითხოვთ ალტერნატიულ ფართს, სადაც ჩვენი შვილები შეძლებენ სწავლას ღირსეულ გარემოში. არანაირ სხვა ცვლაში, არანაირ სხვა სკოლაში. მოკლედ, ნორმალურ პირობებს ვითხოვთ, მეტს არაფერს.
ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. როგორც ვიცი, სახელმწიფო და განათლების სამინისტრო თვითონ ეძებს ალტერნატიულ ფართს, ასევე, მშობლებსაც გვითხოვეს დახმარება, მაგრამ ეს პროცესი, როგორც ჩანს, იწელება და არ ვიცით, ორშაბათს შევალთ თუ არა სკოლაში. გვაინტერესებს რა გველის, არსებობს თუ არა რამე რეალური ფართი და ძალიან ვთხოვთ ჩვენს სახელმწიფოს, განათლების სამინისტროს, დაუდგეს ჩვენს შვილებს მხარში, იმიტომ რომ მათ უბრალოდ ცოდნის მიღება და სწავლა უნდათ“, - განაცხადა მშობელმა თამარ ბაბუნაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.