ირაკლი კირცხალია - ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ - Palitra News

ირაკლი კირცხალია - ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ

2026-11-10 12:56:37+04:00

ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ - ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს უფლებამოსილებას, დაიცვას საკუთარი კონსტიტუციური წესრიგი, კულტურული თვითმყოფადობა და დემოკრატიული ინსტიტუტები, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.

კირცხალიას თქმით, გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ფუნდამენტური წინააღმდეგობები, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში არსებობს.

კირცხალიამ ამ კონტექსტში ევროკომისიის ახალ ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მასში წარმოდგენილია ყოვლად უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებები სასამართლო სისტემის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.

ირაკლი კირცხალია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა დონეზე ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის არის მზად.

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში და აღვნიშნო ამ უმაღლესი დონის ვიზიტის მნიშვნელობა საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში. ჩვენი საპარლამენტო გუნდის სახელით მინდა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, რომ ამ მაღალი დონის ურთიერთობას ვაფასებთ, ვუფრთხილდებით და მზად ვართ ყველა დონეზე ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

ასევე გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ფუნდამენტური წინააღმდეგობები, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში არსებობს.

ეს წინააღმდეგობები მხოლოდ ცალკეულ კანონებს, ევროკომისიის ანგარიშს ან დიპლომატიურ განცხადებებს არ უკავშირდება. საკითხი გაცილებით ღრმაა და სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დემოკრატიული მანდატის მნიშვნელობას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის პრინციპებს ეხება.

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს უფლებამოსილებას, დაიცვას საკუთარი კონსტიტუციური წესრიგი, კულტურული თვითმყოფადობა და დემოკრატიული ინსტიტუტები.

ევროკომისიის ბოლო ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის დღევანდელი ინსტიტუტების პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. ანგარიშში წარმოდგენილია ყოვლად უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებები სასამართლო სისტემის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.

ევროკომისიის ანგარიშში რამდენიმე ფუნდამენტური პოლიტიკური შეკითხვაა, რომელთაც პირდაპირი პასუხი სჭირდება: ვინ იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოში? ვინ განსაზღვრავს ჩვენს კანონებს? და სად გადის პარტნიორობასა და სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევას შორის ზღვარი?

ჩვენგან ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ისეთი კანონების გაუქმებას ითხოვენ, როგორიცაა გამჭვირვალობის კანონი, ანტილგბტ, ოჯახური ღირებულებების შესახებ, არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები, მაგრამ ქართველ ხალხს არ ეკითხებიან, სურთ თუ არა ამ კანონების გაუქმება?

საუბრობენ უსამართლოდ დაკავებულებზე - ვინ არიან „უსამართლოდ დაკავებულები", ვისზეც ევროსასამართლომ დაადასტურა, რომ სისტემური წამების შემოქმედები იყვნენ?! ვინ არიან „სინდისის პატიმრები", ვინც გარედან მართულ აქციებზე პოლიციელებს ასახიჩრებდნენ და სახელმწიფო ინსტიტუტებს თავს ესხმოდნენ?! მერაბ კოსტავას სამშობლოში „სინდისის პატიმრის“ წოდებას განსაკუთრებული ისტორიული და მორალური მნიშვნელობა აქვს. მისი გამოყენება ვერ იქნება პოლიტიკური ეტიკეტი, რომელიც მტკიცებულებებს ჩაანაცვლებს.

საქართველოში ექვსი რევოლუციის მცდელობა ჰქონდათ. ჩვენთან გამოხატვის თავისუფლებად ასაღებენ ცეცხლწაკიდებულ პოლიციელებს. საფრანგეთში იგივე ქმედებისთვის მკვლელობის მუხლით იწყებენ გამოძიებას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ანტისამთავრობო მიტინგებზე იდგნენ თბილისში, დიპლომატიური მისია და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირები პირდაპირ იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში.

რაზე ვსაუბრობთ? მიზანი ხომ ისედაც ნათელია! მათ არ აწყობთ საქართველოში ეროვნული ხელისუფლება, რომელიც თავისი ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იზრუნებს, მათ სჭირდებათ მათივე ინტერესების გამტარებელი აგენტები, რომლებსაც გააკეთებინებენ ყველაფერს და ქვეყანას კიდევ ერთხელ გახვევენ ომის ქარცეცხლში.

რაც შეეხება მოსამართლეების ე.წ ვეტინგს, ანუ, კითხვაა - ვის წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებული მოსამართლეები? მიუღებელია ისეთი მოდელი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის ნაცვლად, მის საქმიანობაზე გარედან პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობას შექმნის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პარლამენტის კანონებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებებს საბოლოოდ გარედან განსაზღვრავენ, რა რჩება ხალხის მიერ არჩეული ინსტიტუტების უფლებამოსილებიდან?

ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ. დიალოგის საწყისი პირობა უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის, კონსტიტუციური წესრიგისა და მოქალაქეთა დემოკრატიული არჩევანის პატივისცემა. ეს არ არის არჩევანი ევროპასა და საქართველოს შორის.

ეს არის მოთხოვნა, რომ ევროპული მომავალი შენდებოდეს სუვერენულ სახელმწიფოზე და არა მისი უფლებამოსილებების გაუფასურებაზე. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, უსაფრთხოება, სამართლის უზენაესობა და პარტნიორობა, რომელიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. საქართველოს ევროპული გზა უნდა იყოს ღირსეული, დამოუკიდებელი საქართველოს გზა", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.