სებ-მა წელს დამატებით 500 მლნ დოლარის ოქრო შეიძინა - Palitra News

სებ-მა წელს დამატებით 500 მლნ დოლარის ოქრო შეიძინა

2026-11-10 13:56:59+04:00

სებ-მა წელს დამატებით 500 მლნ დოლარის ოქრო შეიძინა. შესაბამისად, საერთაშორისო რეზერვებში ოქროს წილი 16.6%-მდე გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს შეძენამ განაპირობა. შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1 მილიარდ 365 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია.

ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8 მილიარდ 250 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია. გაუმჯობესებულია რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი 130%-ს შეადგენს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულ 100%-იან საორიენტაციო ზღვარს აღემატება. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3 მილიარდ 370 მილიონ დოლარს გადააჭარბა.